Archive for იანვარი 12th, 2010

იუმორისტული პოეზია (ფრაზები,რომლებიც გამოჩენილმა ადამიანებმა სიკვდილის წინ ნამდვილად თქვეს)

იუმორისტული პოეზია

(ფრაზები,რომლებიც გამოჩენილმა ადამიანებმა სიკვდილის წინ ნამდვილად თქვეს)

ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა,გაიფიქრა:
“წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”

პუშკინმა თქვა:”მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!”

ჰოლმსმა ბრძანა:”მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ,სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.

დი კაბრიომ გაიფიქრა:
“კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო.”

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
“მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი.”

მარატმა თქვა:”წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!”

მერლინ მონრომ:”აღარ მოვწევ,
ნარკოტიკიც აღარ მინდა,
ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?!
უი…მთვარე ჩამოფრინდა.”

შექსპირმა თქვა:”ჩემი სქესი,
მსურს სადავო გახდეს მერე,
პიესებზე ევას ნაცვლად,
ვილიამი დააწერე…”

კეისარმა:”მგონი მკლავენ,
ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი,
ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ,
შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი…(დაცულია ცენზურა)
…….

ლენინმა თქვა:”რას მამწნილებთ,
რა ხალხი ხართ,სუფთა ზანტი,
ან დამმარხეთ,ან დამმალეთ,
გვამი ვარ თუ ექსპონანტი.”

ჰიტლერმა თქვა:”გეფიცებით,
არ მომიკლავს ჩემით თავი,
ანალგინი მეგონა და
იყო თურმე საწამლავი”

ლენონმა თქვა:”აქაც ვბრწყინავთ,
არ შეგაწყენთ ჩვენ თვითქებით,
პოლ და რინგო დროზე მოდით,
რა ხანია გელოდებით.”

რუსთაველმა ბავშვებს უთხრა:
“ვინც მაგინებს შტერიაო,
ეს პოემა მე სკოლისთვის,
კი არ დამიწერიაო”

და ვინჩმა თქვა:გვირაბში ვარ,
არ ჩამირტყეს არსად ვიზა,
ნეტავ ერთი რას იძიებთ?
კაცი იყო მონა ლიზა….

აქილევსმა:”რას მიგონებთ?
ქუსლი არა,ბაყვი კიდე,
ქათმის გრიპი შემეყარა
და იმითი დავიბრიდე!”…

ვანგამ:”ამ ლექსს რიღასთვის წერ?
გაჩერდი და მიგდე ყური,
დაიწვებით მალე,რადგან
დათბობაა გლობალური…”

ლექსი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებზე

ლექსი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებზე 🙂

ეხლა ფეხბურთს მივუბრუნდეთ,
აღარ მინდა მეტის თმენა
საქართველოს ვბალეშიკობ
მაგრამ ვერ მოვიგეთ ვერა.

სულ ბოლოში მიჩანჩალებს,
როგორც კოჭლი ცხვარუნაო
ჯანმრთელი სასტავის ხალხი
ფულმა ჩაახრამუნაო.

როცა სირბილს დაიწყებენ,
როგორც ურჩი ცხვარებიო
ცოტა ხანში იღლებიან
გამწყდარი აქვთ ქანცებიო.

დაწყდებიან რას იზაამენ
ბურთის ფლობა არ იციან,
უთავბოლოდ რომ დარბიან,
მაგრამ მაინც არ იშლიან.

ქლოშინებენ, ბაჯბაჯებენ
როგორც ბაყბაყდევებიო
მაგიტომაც სულ არიან
აუთსაიდერებიო. 🙂

 სიკვდილი არ აკაკუნებს

ცოტა დიდი მოთხრობაა და წაკითხვა არ დაგეზაროთ 🙂 8)

სიკვდილი აკაკუნებს

მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ \\\\\\\”დეილი ნიუსის\\\\\\\” ხვალინდელი ახალი ამბების ქრონიკის კითხვას ამთავრებს. აბანოს ხალათი აცვია, ფეხზე კი – ქოშები და საწოლის თეთრ თავფიცარზე მიმაგრებული ლამფის შუქზე გაზეთს ჩაჰყურებს. შუაღამე ახლოვდება. მოულოდნელად რაღაც ხმაური გვესმის, ნეტი წამოჯდება და ფანჯრისკენ იხედება.

ნეტი: ეს რა ჯანდაბა იყო?

(ფანჯრიდან ტლანქად მოცოცავს პირქუში, ლაბადაში გახვეული სხეული. დაუპატიჟებელ სტუმარს შავი კაპიუშონი წამოუცვამს, ტანზეც შავი სამოსი შემოტმასნია. კაპიუშონი თავს უფარავს, მაგრამ შუა ხნისა და მიტკლისფრად გადაფითრებულ სახეს კი არა. რაღაცით ნეტს ჩამოჰგავს. უცნობი ხმამაღლა ბურტყუნებს და იმუქრება, მერე ფანჯრის რაფაზე გადაკოტრიალდება და იატაკზე ეცემა).

სიკვდილი (დიახ, სწორედ რომ იგი): უფალო იესო! ლამის კისერი არ მოვიმტვრიე!

ნეტი (შეცბუნებული შეჰყურებს): ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი ვარ.

ნეტი: ვინ?

სიკვდილი: სიკვდილი. მომისმინე, შეიძლება დავჯდე? კინაღამ კისერი მომტყდა. ფოთოლივით ვცახცახებ.

ნეტი: ვინ ბრძანდებით?

სიკვდილი: სიკვდილი. ერთ ჭიქა წყალს ვერ დამალევინებ?

ნეტი: სიკვდილი? მაგით რისი თქმა გსურთ?

სიკვდილი: რა გემართება? შავ კოსტიუმსა და გაფითრებულ სახეს ხომ ხედავ?

ნეტი: ჰოო.

სიკვდილი: როგორ ფიქრობ, დღეს ჰელოუინს ვზეიმობთ?

ნეტი: არა.

სიკვდილი: მაშ, სიკვდილი ვყოფილვარ. აბა, ახლა მაინც თუ დამალევინებ წყალს? გინდაც \\\\\\\”ფრესკა\\\\\\\” იყოს.

ნეტი: ვითომ ხუმრობაა…

სიკვდილი: რა ხუმრობა? ორმოცდაჩვიდმეტის არა ხარ? ნეტ ეკერმანი, პესიფიკის ქუჩა ერთი, წილადი თვრამეტი, არა? თუ არაფერი მეშლება… მოიცა, ერთი გამოძახების ფურცელი გადავამოწმო (ჯიბეში იქექება, მერე კი წარმოადგენს ბარათს, რომელსაც მისამართი აწერია. ბარათი დამაჯერებლობას მატებს მის სიტყვებს).

ნეტი: რა გნებავთ ჩემგან?

სიკვდილი: რა მნებავს? როგორ გგონია, მაინც რა უნდა მნებავდეს?

ნეტი: ეტყობა მეხუმრებით. ჯანმრთელობას მე არ ვუჩივი.

სიკვდილი (აუღელვებლად): ოჰო! (აქეთ-იქით მიმოიხედავს). საამური ადგილია, ღმერთმანი. სულ შენი ნახელავია?

ნეტი: დეკორატორი დავიქირავეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვიკლია ხელი.

სიკვდილი (შეჰყურებს სურათს კედელზე): მიყვარს ასეთი დიდთვალება ბავშვები.

ნეტი: ჯერ არ მინდა წასვლა.

სიკვდილი: წასვლა არ გინდა? შენი ჭირიმე, არ დამიწყო ახლა ეგეთები. ამდენი ცოცვისაგან ისედაც ლამისაა გული ამერიოს.

ნეტი: რომელ ცოცვაზე მელაპარკებით?

სიკვდილი: საწვიმარ მილს ამოვყევი. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გამოცხადება დრამატული ყოფილიყო. შევყურებ ფართო ფანჯრებს, შენ გღვიძავს და კითხულობ. ეგრევე ვიფიქრე, ღირს-მეთქი. ავძვრები, შევალ, ცოტას… ხო აზრზე ხარ… (თითებს გაატკაცუნებს). ამასობაში ვაზის წნელში ქუსლი მეხლართება, მილი ტყდება, მე კი რაღაც ძაფზეღა ვკიდივარ. მერე ეს ჩემი ლაბადაც ფხრეწას იწყებს. მოდი რა, უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ. ძალიან მძიმე ღამე მქონდა.

ნეტი: ჩემი საწვიმარი მილი გატეხეთ?

სიკვდილი: გატეხეთ! არ გამტყდარა. ოდნავ გაიღუნა. არაფერი გაგიგონია? ძირს ჩამოვაგდე.

ნეტი: ვკითხულობდი.

სიკვდილი: ეტყობა მაგრა გაგიტაცა ხო იცი! (ხელში იღებს გაზეთს, რომელსაც ნეტი კითხულობდა). \\\\\\\”ადგილზე დააკავეს მარიხუანას ორგიაში მონაწილე სტუდენტი გოგონები\\\\\\\”. არ მათხოვებ?

ნეტი: ჯერ არ დამიმთავრებია.

სიკვდილი: ეეჰ, არც კი ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გითხრა, მეგობარო…

ნეტი: ქვემოთ, ზარი რატომ არ დარეკეთ?

სიკვდილი: გეუბნები, შემეძლო ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდა? ასე კი ცოტა დრამატული ელფერი აქვს. ჰო, რაღაც ამდაგვარი. \\\\\\\”ფაუსტი\\\\\\\” წაგიკითხავს?

ნეტი: რა?

სიკვდილი: ვთქვათ და მარტო არ ყოფილიყავი. ზიხარ ვიღაც მნიშვნელოვან ხალხთან ერთად. მე, სიკვდილმა, ზარი დავრეკო და წინ ისე ჩაგიაროთ, ვითომც აქ არაფერიაო. აბა, რაებსა ჩმახავ, ტვინი სადა გაქვს?

ნეტი: მომისმინეთ, მისტერ. უკვე ძალიან გვიანაა.

სიკვდილი: ჰოო. აბა, მოდიხარ?

ნეტი: სად მოვდივარ?

სიკვდილი: სიკვდილში, ძმაო. იქ, იმ ყველაზე მთავართან! სამოთხე, ბედნიერი და უზრუნველი იმქვეყნიური ყოფა (მერე საკუთარ მუხლს დახედავს). გეუბნები, ძალიან სერიოზული ჭრილობაა-მეთქი. მგონი, პირველ საქმეზევე განგრენა ავიკიდე.

ნეტი: ერთი წუთი მაცადე. დრო მჭირდება. წამოსასვლელად ჯერ არა ვარ მზად.

სიკვდილი: ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. დიდი სიამოვნებით, მაგრამ – რა გიყო, დრო მოგივიდა.

ნეტი: დრო რანაირად მომივიდა, როცა სულ ეს-ესაა \\\\\\\”მოდისტ ორიჯინალში\\\\\\\” დავიზღვიე თავი.

სიკვდილი: რა ბედენაა, ერთი-ორი დოლარით მეტი გექნება, თუ ნაკლები.

ნეტი: აბა, შენ რა გენაღვლება? ალბათ მთელ ხარჯებს გინაზღაურებენ.

სიკვდილი: აბა, მოდიხარ თუ არა?

ნეტი (ახედ-დახედავს): მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დამიჯერებია, რომ სიკვდილი ხართ.

სიკვდილი: რატომ? აბა, ვის ელოდი, როკ ჰადსონი გამოგეცხადებოდა?

ნეტი: არა, ეგ რა შუაშია.

სიკვდილი: ვწუხვარ-მეთქი, იმედი თუ ვერ გაგიმართლე.

ნეტი: კარგი, არ გეწყინოთ. არც კი ვიცი… ყოველთვის მეგონა, რომ თქვენ უფრო… როგორ გითხრათ… უფრო მაღალი იქნებოდით.

სიკვდილი: ხუთი ფუტი და შვიდი დიუმი. წონას თუ გავითვალისწინებთ, საშუალო სიმაღლისა მქვია.

ნეტი: იცით, რაღაცით მეც მგავხართ.

სიკვდილი: აბა, ვის უნდა ვგავდე? მე ხომ შენი სიკვდილი ვარ.

ნეტი: იქნებ, ცოტა მადროვოთ. ერთი დღე.

სიკვდილი: არ შემიძლია. სხვანაირად როგორღა გითხრა?

ნეტი: მხოლოდ ერთი დღე. ოცდაოთხი საათი.

სიკვდილი: რაში გჭირდება? რადიოთი გადმოსცეს, ხვალ წვიმა იქნებაო.

ნეტი: იქნებ რაიმე იღონოთ?

სიკვდილი: მაინც, რა?

ნეტი: ჭადრაკს თამაშობთ?

სიკვდილი: არა, არ ვთამაშობ.

ნეტი: ერთხელ თქვენი სურათი ვნახე, ჭადრაკს თამაშობდით.

სიკვდილი: ეგ მე არ ვიქნებოდი, რადგან ჭადრაკს საერთოდ არ ვეკარები. კუნკენი კიდე შეიძლება.

ნეტი: კუნკენს თამაშობთ?

სიკვდილი: კუნკენს თუ ვთამაშობ? პარიზი ქალაქია?

ნეტი: კარგად გამოგდით, სხვათა შორის.

სიკვდილი: ძალიან კარგად.

ნეტი: იცით, ახლა რას ვიზამ?

სიკვდილი: მოდი რა, გარიგებები არ გვინდა.

ნეტი: კუნკენს გეთამაშებით. თუ მოიგებთ, უსიტყვოდ მოგყვებით, მე თუ მოვიგე, კიდევ ცოტა უნდა მადროვოთ. სულ ერთი დღე, მეტი არა.

სიკვდილი: რა დროს კუნკენის თამაშია?

ნეტი: რას ბრძანებთ, თუკი ეს თამაში კარგად გეხერხებათ…

სიკვდილი: ისე, თამაშის განწყობაზე კი ვარ.

ნეტი: მოდი რა, თუ ძმა ხარ, ნახევარი საათი წავითამაშოთ.

სიკვდილი: არა, უფლება არა მაქვს.

ნეტი: აი, კარტი და აღარ გვინდა რა, ზედმეტი ლაპარაკი.

სიკვდილი: კარგი, კარგი, თანახმა ვარ. თამაში ხასიათზე მომიყვანს.

ნეტი (იღებს კარტს, ბლოკნოტსა და ფანქარს): ნამდვილად არ ინანებთ.

სიკვდილი: თუ ღმერთი გწამს, ნუ მევაჭრები. აიღე კარტი, \\\\\\\”ფრესკა\\\\\\\” მომეცი და საჭმელიც მოაყოლე რამე. სტუმარი შემოგესწრო, კარტოფილის ჩიპსები მაინც არა გაქვს, ან მარილიანი ჩხირები?

ნეტი: ქვემოთ შოკოლადი \\\\\\\”M&M\\\\\\\” მაქვს.

სიკვდილი: M&M! პრეზიდენტი რომ გსტუმრებოდა? ვითომ M&M-ს დასჯერდებოდა?

ნეტი: თქვენ ხომ პრეზიდენტი არა ხართ.

სიკვდილი: კარგი, კარგი. დაარიგე.

(ნეტი კარტს არიგებს, ამოდის ხუთიანი)

ნეტი: მოდით, მეტი ინტერესისთვის თითო ქულაზე ცენტის მეათედს ჩამოვიდეთ.

სიკვდილი: უამისოდ საინტერესოდ არ გეჩვენება?

ნეტი: ფული რომ მეგულება, უკეთესად ვთამაშობ ხოლმე.

სიკვდილი: როგორც გენებოს, ნევტ.

ნეტი: ნეტი. ნეტ ეკერმანი. დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

სიკვდილი: ნევტი, ნეტი – თავი ამტკივდა, რა…

ნეტი: ეგ ხუთიანი გაწყობთ?

სიკვდილი: არა.

ნეტი: მაშინ ამოიღეთ.

სიკვდილი (კარტს ამოიღებს და ხელზე დაიხედავს): უფალო იესო, აქ არაფერიც არ არის.

ნეტი: მაინც როგორია, ჰა?

სიკვდილი: რაზე მეკითხები?

(მერე ისევ აიმატებენ კარტს და ჩამოვლენ, აიმატებენ და ჩამოვლენ)

ნეტი: სიკვდილზე.

სიკვდილი: როგორ უნდა იყოს? განისვენებ და ეგ არის.

ნეტი: მერე აღარაფერი იქნება?

სიკვდილი: აჰა, ორიანებს ზოგავ, არა?

ნეტი: გეკითხებით, მერე აღარაფერია?

სიკვდილი (გაბნეულად): ნახავ.

ნეტი: მაშ, რაღაცას მაინც ვნახავ, არა?

სიკვდილი: ალბათ სხვაგვარად უნდა მეთქვა. ჩამოდი.

ნეტი: შენგან ხეირიან პასუხს ვერ ეღირსება კაცი.

სიკვდილი: მე კარტს ვთამაშობ.

ნეტი: ითამაშე, ითამაშე.

სიკვდილი: თანაც კარტს კარტზე გაღებინებ.

ნეტი: ჩამოსულებს ნუღარ ამოწმებ.

სიკვდილი: არ ვამოწმებ. ვასწორებ მხოლოდ. რომელი კარტი ჭრის?

ნეტი: ოთხიანი. უკვე გაჭრაზე გაქვს საქმე?

სიკვდილი: ვინა თქვა, რომ მაქვს? უბრალოდ გკითხე, რომელია-მეთქი, რა, არ შეიძლება?

ნეტი: განა მეც ეგრე უბრალოდ არა გკითხე, რაიმეს იმედი თუ შემიძლია მქონდეს-მეთქი?

სიკვდილი: მიდი, მიდი, ითამაშე.

ნეტი: რა მოხდა, რომ მითხრა რამე? სად მივდივართ?

სიკვდილი: მივდივართო? \\\\\\\”ჩვენ\\\\\\\” რა შუაშია? სიმართლე თუ გინდა, ეს შენ მოადენ ზღართანს იატაკზე, დაჭმუჭნულ-დასრესილი ნივთების გროვაში.

ნეტი: მართლა? ერთი სული მაქვს! მეტკინება?

სიკვდილი: ერთ-ორ წუთში გაგივლის.

ნეტი: მაგარია, ხურავს. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად მჭირდებოდა. კაცმა \\\\\\\”მოდისტ ორიჯინალში\\\\\\\” დავიზღვიე თავი, ეს კი…

სიკვდილი: ოთხ ქულაზე რაღას იტყვი?

ნეტი: ჭრი?

სიკვდილი: ოთხი ქულა წავა?

ნეტი: არა, მე ორიანი მაქვს.

სიკვდილი: მეხუმრები ალბათ.

ნეტი: არა, წააგე.

სიკვდილი: წმინდაო ღმერთო, მე კი მეგონა, ექვსიანებს უფრთხილდებოდი.

ნეტი: არა. შენი ჩამოსვლაა. ოცი ქულა და ორიც ჩარჩო. ითამაშე. (სიკვდილი კარტს არიგებს). მაშ, იატაკზე უნდა გავგორდე არა? იქნებ დივანთან დავმდგარიყავი, ჰა?

სიკვდილი: არა. ითამაშე.

ნეტი: რატომ არა?

სიკვდილი: იმიტომ, რომ იატაკზე უნდა დაეცე. თავი დამანებე რა! ვცდილობ გონება მოვიკრიბო.

ნეტი: რაღა მაინცდამაინც იატაკზე? აი, რისი გაგება მინდა. რატომ არ შეიძლება, დივანთან ვიდგე და ზედ დავეცე რბილად?

სიკვდილი: ყველანაირად შევეცდები. ახლა შეგვიძლია თამაში გავაგრძელოთ?

ნეტი: მეც მაგას არ ვღაღადებ! მო ლეფკოვიცს მაგონებ. ისიც შენნაირი ჯიუტია.

სიკვდილი: თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. ჩემზე საშინელ არსებას ძნელად თუ წარმოიდგენს კაცი, ამას კი თურმე მო ლეფკოვიცს ვაგონებ. მაინც ვინაა ეგ ტიპი, ბეწვეულით ვაჭრობს?

ნეტი: ნეტა შენ იყო ეგეთი ბეწვეულით მოვაჭრე. წელიწადში ოთხმოც ათასს აკეთებს. ყაითანით გაწყობა და იმის ჯანი. საკუთარი ფაბრიკა აქვს. ორი ქულა.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ორი ქულა-მეთქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

სიკვდილი: გეგონება, კალათბურთის ანგარიში დამაწერესო ხელზე.

ნეტი: თანაც სულ ყვავებია.

სიკვდილი: ნეტა მაგდენი არ გელაპარაკა.

(ისინი ხელახლა არიგებენ კარტს და თამაშს აგრძელებენ).

ნეტი: წეღან რისი თქმა გინდოდა, ჩემი პირველი საქმეაო, რომ მითხარი?

სიკვდილი: რაც გაიგონე.

ნეტი: რა, ადრე არავინ ყოფილა?

სიკვდილი: როგორ არ ყოფილან, მაგრამ მე არავინ წამიყვანია.

ნეტი: აბა, ვინ წაიყვანა?

სიკვდილი: სხვებმა.

ნეტი: სხვებიც არიან?

სიკვდილი: აბა, შენ რა გეგონა! ყველას თავისი გზა აქვს.

ნეტი: ეგ არ ვიცოდი.

სიკვდილი: საიდან უნდა გცოდნოდა? ისეთს რას წარმოადგენ, მაინც ვინა გგონია თავი?

ნეტი: როგორ თუ ვინა მგონია? რა, არავინა ვარ?

სიკვდილი: არა, როგორ არა ხარ, ტანსაცმელს არ აწარმოებ? მაგრამ საუკუნო მისტერიათა შესახებ რა უნდა იცოდე, რანაირად უნდა მიგიწვდებოდეს ხელი?

ნეტი: რაებს ამბობ? კარგა ბლომად ფულსა ვხვეტავ. ორი შვილი უმაღლესში გავგზავნე. ერთი სარეკლამო საქმეს ეწევა, მეორე დაოჯახდა. მეც ჩემი საკუთარი სახლი მაქვს. \\\\\\\”კრაისლერს\\\\\\\” დავაქროლებ. ჩემს ცოლს არაფერი აკლია; მოახლეები, წაულას ქურქი, კარგი დასვენება. ამჟამად \\\\\\\”იდენ როკში\\\\\\\” იმყოფება. დღეში ორმოცდაათ დოლარს იხდის, საკუთარი დის გვერდით რომ იყოს. იმ კვირაში მეც ჩავაკითხავ. ასე რომ, არაფერი შეგეშალოს – ვიღაც გამვლელი კი არა ვარ.

სიკვდილი: კარგი რა, ზედმეტი მგრძნობიარობა რა საჭიროა?

ნეტი: ვინაა მგრძნობიარე?

სიკვდილი: აბა, როგორ მოგეწონებოდა, მეც ეგრე ადვილად რომ გავნაწყენებულიყავი შენზე.

ნეტი: რამე გაწყენინე?

სიკვდილი: შენ არ მითხარი, იმედი გამიცრუეო?

ნეტი: აბა, რას ელოდი? ზარზეიმით უნდა დაგხვედროდი?

სიკვდილი: ვერ გამიგე. პირადად მე შემეხე. ძალიან დაბალი ხარო, ესა ხარო, ისა ხარო.

ნეტი: მე მგავხარ-მეთქი, ის გითხარი. თითქოს ჩემი ანარეკლი იყო.

სიკვდილი: კარგი, კარგი, კარტი დაარიგე.

(ისინი თამაშს აგრძელებენ. მუსიკა ნელ-ნელა მატულობს, სინათლეს სიბნელე ენაცვლება, სანამ ბოლოს ყველაფერს უკუნი არ დანთქავს. მერე ისევ ნელ-ნელა ნათდება, უკვე გვიანია – თამაში დასრულებულია. ნეტი ითვლის)

ნეტი: სამოცდარვა… ერთი – ორმოცდაათი. ეჰ, ძმაო, აგებ.

სიკვდილი (შეწუხებლი დაჰყურებს კარტის დასტას): ვიცოდი, ამ ცხრიანს არ უნდა ჩამოვსულიყავი. ჯანდაბა!

ნეტი: ასე რომ, ხვალ შევხვდებით.

სიკვდილი: როგორ თუ ხვალ შევხვდებით?

ნეტი: ერთი დღე მოვიგე. რას იზამ, უნდა მომეშვა.

სიკვდილი: შენ რა, სერიოზულად მეუბნებოდი?

ნეტი: პირობა პირობაა.

სიკვდილი: ჰო, მაგრამ…

ნეტი: არავითარი მაგრამ. ოცდაოთხი საათი მოვიგე. ხვალ დაბრუნდი.

სიკვდილი: არ ვიცოდი, დროზე თუ ვთამაშობდით.

ნეტი: მით უარესი შენთვის. ყურადღებით უნდა იყო-ხოლმე.

სიკვდილი: ოცდაოთხი საათი რა უნდა ვაკეთო, სად წავიდე?

ნეტი: მე რა მენაღვლება? მთავარია, რომ ერთი დღე მოვიგე.

სიკვდილი: რას მთავაზობ, ქუჩებში ვიხეტიალო?

ნეტი: სასტუმროში დაბინავდი. მოგვიანებით კინოში შეხვალ. კიდევ ორთქლის აბაზანა შეგიძლია მიიღო. საერთო სახელმწიფოებრივ პრობლემად არ მიქციო ახლა ეს პატარა საქმე, თუ ძმა ხარ.

სიკვდილი: ერთი ანგარიში კიდევ დაამატე.

ნეტი: ამას გარდა, ოცდარვა დოლარი გმართებს ჩემი.

სიკვდილი: რა?

ნეტი: ჰო, ნაბიჭვარო, აი, აიღე, წაიკითხე.

სიკვდილი (ჯიბეებში იქექება): რამდენიმე ერთდოლარიანი მაქვს. ოცდარვა ვერ შეგროვდება.

ნეტი: არც ჩეკზე ვიტყვი უარს.

სიკვდილი: რომელი ანგარიშიდან ინებებ?

ნეტი: უყურე ერთი, ვისთან მქონია საქმე.

სიკვდილი: შეგიძლია მიჩივლო. სადა მაქვს საბანკო ანგარიში?

ნეტი: კარგი, კარგი. რაცა გაქვს, მომეცი და ჩავთვალოთ, რომ გავსწორდით.

სიკვდილი: მომისმინე, ეგ ფული მჭირდება.

ნეტი: რაში უნდა გჭირდებოდეს?

სიკვდილი: აბა დაფიქრდი, რას ამბობ. შენ ხომ იმქვეყნად ხარ წასაყვანი.

ნეტი: მერე?

სიკვდილი: რა, მერე… იცი, ეგ რა შორსაა?

ნეტი: მერე?

სიკვდილი: მერე საწვავი? გზის ფული?

ნეტი: ჩვენ იქ მანქანით მივდივართ?

სიკვდილი: მაგასაც გაიგებ. (შეშფოთებული) მისმინე, ხვალ დავბრუნდები და შენ შანსს მომცემ, ფული უკან დავიბრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდადაა ჩემი საქმე.

ნეტი: რასაც მოისურვებ. რამდენსაც გინდა, იმდენს ვითამაშებთ. არ გამიკვირდება, კიდევ ერთი კვირა, ან სულაც თვე მოვიგო. გააჩნია, როგორ ითამაშებ. იქნებ რამდენიმე წელსაც კი გამოვკრა ხელი.

სიკვდილი: ვაჰ, რა შავ დღეში ვარ.

ნეტი: აბა, ხვალამდე.

სიკვდილი (დაიხია კარის ზღურბლამდე): კარგ სასტუმროს ვერ მიმასწავლი? თუმცა რომელ სასტუმროზეა ლაპარაკი, კაპიკი აღარა მაქვს. წავალ \\\\\\\”ბიკფორდსში\\\\\\\” დავჯდები (ხელში აიღებს გაზეთს).

ნეტი: აბა ჰე, დაახვიე აქედან. ეს ჩემი გაზეთია (ხელიდან ართმევს).

სიკვდილი (გასვლისას): არა, უბრალოდ ვერ მოვკიდე ხელი და ვერ წავიყვანე? მაინცდამაინც ამ აბდა-უბდაში უნდა გამეყო თავი!

ნეტი (ეძახის): ფრთხილად ჩადი. ერთ-ერთ საფეხურზე ნოხი არაა კარგად დამაგრებული (უცებ გვესმის საშინელი ზღართანის ხმა. ნეტი ამოიოხრებს, ლოგინთან მდგარ მაგიდასთან მიდის და რეკავს).

ნეტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მომისმინე. არ ვიცი, ვიღაცა მეკაიფება თუ რა არის, მაგრამ ეს-ესაა სიკვდილი იყო ჩემთან. ცოტა კუნკენი ვითამაშეთ… არა, სიკვდილი. თვითონ მოვიდა, ჰო, ის იყო, ან ვისაც შესაბამისი პრეტენზია აქვს. მაგრამ მო, ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენი ტიპია.

1968

 ვუდი ალენი

ვუდი ალენის ძალიან მაგარი სიტყვები-”მივმართავ სკოლადამთვრებულებს”

მივმართავ სკოლადამთავრებულებს

ვუდი ალენი

ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასდროს ჩავარდნილა კაცობრიობა ასეთ საგონებელში. ერთ გზას სასოწარკვეთისა და სრული უიმედობისკენ მივყავართ. მეორეს – საბოლოო გადაშენებისკენ. ვილოცოთ, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკმარისი სიბრძნე აღმოგვაჩნდეს.

სხვათა შორის, ამ ყველაფერზე ამქვეყნიური ამაოების შეგრძნებით კი არა, ყოფიერების აბსოლუტურ უაზრობაში კოშმარული დარწმუნებულობით ვსაუბრობ, რაც შეიძლება, შეცდომით, ვინმემ პესიმიზმად აღიქვას.

არა, ეს არ არის პესიმიზმი. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა თანამედროვე ადამიანის ტრაგედიისადმი. (“თანამედროვე ადამიანში” იგულისხმება ნებისმიერი, დაბადებული ნიცშეს განცხადების – “ღმერთი მოკვდა” – შემდეგ და ჰიტ “მინდა, ხელს ხელზე გიჭერდე”- ს ჩაწერამდე). ეს ტრაგედია ორნაირად შეიძლება აღიწეროს, თუმცა ლინგვისტ-ფილოსოფოსებს ურჩევნიათ, მათემატიკურ განტოლებამდე დაიყვანონ იგი – ადვილი ამოსახსნელიც იქნება და საფულეში ჩადებულს თან იოლად ატარებ.

ყველაზე მარტივი სახით პრობლემა ასე წარმოგვიდგება: შესაძლებელია თუ არა ცხოვრების აზრის წვდომა, ჩემი შარვლის ზომისა და წელის გარშემოწერილობის გათვალისწინებით?

ეს ძალიან რთული კითხვაა და ვხვდებით, რომ მეცნიერებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. რა თქმა უნდა, მან ბევრი სნეულების დამარცხება შეძლო, გენეტიკური კოდი გაშიფრა, ადამიანები მთვარეზეც კი აიყვანა, მაგრამ დატოვეთ ოთხმოცი წლის მოხუცი ოთახში ორ ახალგაზრდა მედდასთან ერთად და არაფერიც არ მოხდება. ნამდვილი პრობლემები ხომ უცვლელია.

ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანის სული მიკროსკოპით დავინახოთ? ალბათ კი – მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს, ორი ოკულარული მილით. ვიცით, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერის ტვინიც კი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც მწერების. ჰო, ეს ზოგიერთ ჩვენს ახლობელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ მათ ხომ მხოლოდ ქორწილებზე და მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხვდებით.

მეცნიერება ისეთი რამ არის, რაზეც მუდმივად ვართ დამოკიდებულნი. მკერდის არეში ტკივილს თუ ვიგრძნობ, მაშინვე რენტგენზე გავლა მომიწევს. ნეტა დასხივებისგან უფრო დიდი პრობლემები ხომ არ გამიჩნდება? სანამ ამას შევიტყობდე, ქირურგიულ განყოფილებაში მაწვენენ. ბუნებრივია, როცა ჟანგბადის ბალიშს მაძლევენ, სწორედ მაშინ გადაწყვეტს სტაჟიორი, რომ სიგარეტს მოუკიდოს. ამის შემდეგ კი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს პიჟამაში გამოწყობილი გადავუფრენ. ეს არის მეცნიერება?

რა თქმა უნდა, მეცნიერებამ ყველის პასტერიზება გვასწავლა. რა გვეთქმის – მთვრალ კომპანიაში ყველი თავშესაქცევი რამ არის. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წყალბადის ბომბზე. გინახავთ ვინმეს, რა ხდება, თუ მაგიდიდან შემთხვევით გადმოგორდა?

განა დაეხმარება მეცნიერება მას, ვინც მარადიულ გამოცანებს შეეჭიდა? როგორ გაჩნდა სამყარო? რამდენი ხნის წინ? ყველაფერი აფეთქებით დაიწყო თუ ღვთის სიტყვით? თუ ამ უკანასკნელმა მისცა დასაბამი, ნუთუ არ შეეძლო უფალს, ორი კვირით ადრე წარმოეთქვა იგი, სანამ უფრო თბილი ამინდი იყო? კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ “ადამიანი მოკვდავია”? ცხადია, ეს კომპლიმენტი არ არის.

სამწუხაროდ, რელიგიაც ვეღარ ზემოქმედებს განწყობაზე. მიგელ დე უნამუნო კი წერს აღფრთოვანებით “გონის მარადიულ ურყევობაზე”, მაგრამ ამაზე ხომ ყველას არ მიუწვდება ხელი. განსაკუთრებით, თეკერეის კითხვისას. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როგორი საამური იყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, ყოვლისშემძლე, კეთილი შემოქმედის რომ სჯეროდა. წარმომიდგენია ამ კაცის იმედგაცრუება, როცა შეამჩნია, როგორ გასუქდა მისი ცოლი.

თანამედროვე ადამიანს, რა თქმა უნდა, ასეთი სულიერი სიმშვიდე არა აქვს. ის ურწმუნოების უფსკრულშია გადაჩეხილი. მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, “გაუცხოებულია”. მას ომის საშინელებები უნახავს, საკუთარ თავზე გამოუცდია სტიქიური უბედურებები და მარტოხელათა ბარებშია ნამყოფი.

ჩემი უახლოესი მეგობარი, ჟაკ მონო ხშირად საუბრობს ხოლმე სამყაროს ქაოსურობის შესახებ. მას სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევითობის შედეგად გაჩნდა, გარდა მისი საუზმისა, რომელიც – არა, ამაში ეჭვი არ ეპარება – დიასახლისმა მოუმზადა.

რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ჩანაფიქრის რწმენა სიმშვიდით გვავსებს, თუმცა ადამიანური პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. განა ჩემი მოყვასის დარაჯი არა ვარ? ვარ. თუ გაინტერესებთ, პირადად მე ამ პატივს და ღირსებას ქალაქის ზოოპარკის მცველებთან ვიყოფ.

ღმერთის გარეშე თავს მიუსაფრად ვგრძნობთ, რის გამოც ტექნიკური პროგრესი გავაღმერთეთ. როგორ ახსნის ტექნოლოგია იმას, რომ ახლათახალი “ბიუიკი”, რომელსაც ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატ ზიპსკი მართავდა, პირდაპირ რესტორან “ფრინველთა ნეტარების” ვიტრინას შეაფრინდა და ასობით მოსადილე აქეთ-იქით მიმოფანტა?

ოთხი წლის განმავლობაში ჩემს ტოსტერს ერთხელაც არ უმუშავია ისე, როგორც საჭიროა. ინსტრუქციის მიხედვით, ჭრილში პურის ორ ნაჭერს ვდებ და რამდენიმე წამში მათ შაშხანასავით გაისვრის ხოლმე. ადრე ცხვირიც კი გაუტეხა ჩემს საყვარელ ქალს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ქანჩები, ჭანჭიკები და ელექტროობა ყველა პრობლემას გადაგვიჭრის?

ჰო, ტელეფონი კარგი რამ არის – მაცივარიც – კონდიციონერიც. მაგრამ არა ყველა კონდიციონერი. მაგალითად, ჩემი დის, ჰენის. მისი საშინლად ხმაურობს და არ აგრილებს. ხელოსანი გამოიძახეს, რის შემდეგაც უარესი დაემართა. “მეტი რა გზაა, ახალი უნდა შეიძინოთ”, – უთხრა მან. ჩემმა დამ დაიჩივლა, მაგრამ ხელოსანმა სთხოვა, აღარ შემაწუხოთო. ნამდვილად გაუცხოებული იყო ეს კაცი. არადა, სულ იღიმებოდა.

უბედურება ის არის, რომ ტექნოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის არ მოგვამზადეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ან არაკომპეტენტურები არიან, ან კორუმპირებულები. ხან ერთიცა და მეორეც. მთავრობა პატარა ადამიანის მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებს. საღამოს შვიდის ხუთ წუთზე შენს კონგრესმენთან დარეკვას უკვე აზრი აღარა აქვს. არ უარვყოფ, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ მართვის საუკეთესო ფორმაა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ ცოტა, ადამიანის უფლებებს მაინც იცავენ. არცერთი მოქალაქის წამება ან უსაფუძვლოდ დაპატიმრება არ შეიძლება, არც ბროდვეის ზოგიერთი შოუს ძალდატანებით ჩვენება.

რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც საბჭოთა კავშირში ხდება. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანი, მხოლოდ სტვენის გამო, შეიძლება ოცდაათი წლით მოხვდეს შრომა-გამასწორებელ კოლონიაში. ხოლო თუ თხუთმეტი წლის შემდეგ სტვენას კიდევ არ შეწყვეტს, მას აუცილებლად დახვრეტენ.

ამ მხეცურ ფაშიზმთან ერთად მისი მეწყვილე – ტერორიზმიც დააბიჯებს. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანს ასეთი შიშით არასოდეს დაუჭრია ხბოს კატლეტი – უცებ რომ აფეთქდეს?! ძალადობა ძალადობას შობს, 1990 წლისთვის კი, სავარაუდოდ, ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ერთმანეთის გატაცება იქნება.

მოსახლეობის სიჭარბე პრობლემებს უკიდურესად გაამწვავებს. ციფრები გვეუბნება, რომ დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ყველაზე მძიმე როიალის გადასაადგილებლად არის საჭირო. თუ ხალხს გამრავლების შეწყვეტისკენ არ მოვუწოდებთ, 2000 წლისთვის სასადილო ოთახიც აღარ შეგვრჩება და მოგვიწევს, მაგიდა უცნობებს დავადგათ თავზე. ისინიც მთელი ერთი საათი გაუნძრევლად უნდა ისხდნენ, სანამ სადილობას დავასრულებთ. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული კრიზისიც იქნება და ავტომფლობელებს ზუსტად იმდენ ბენზინს ჩაუსხამენ, მანქანების ნახევარი მეტრით უკან დაწევა რომ შეძლონ.

ამ გამოწვევის მიღების ნაცვლად, ნარკოტიკებითა და სექსით თავშექცევას გადავყევით. ჩვენ დაუშვებლად, ზედმეტად ლიბერალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. არასდროს ასე არ აყვავებულა პორნოგრაფია. თან ეს ფილმებიც რა უხარისხოა, დეტალებს ვერაფრით გაარჩევს კაცი!

ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არა აქვს. ჩვენ არასოდეს გვისწავლია სიყვარული. ჩვენ ლიდერების და თანმიმდევრული პროგრამების ნაკლებობას განვიცდით. სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან ერთმანეთს ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საბედნიეროდ, ზომიერების გრძნობა არ გვღალატობს.

ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ცხადი გახდება, რომ მომავალი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა მახეც ბევრგან არის დაგებული. როგორღაც უნდა მოვახერხოთ ხაფანგებს შორის გაძრომა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და საღამოს ექვსი საათისთვის შინ დაბრუნებაც.

%d bloggers like this: