ბერმუდის სამკუთხედი – გაფრენა არსაით !

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

…1945 წლის 5 დეკემბერს ფლორიდაში განლაგებული ამერიკის სამხედრო საჰაერო საავიაციო ძალებისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დილა გათენდა. ლეიტენანტი ჩარლზ კ. ტეილორი გამოცდილი მფრინავი იყო. დავალება, რომელიც მეცხრამეტე ესკადრილიამ მიიღო, რთული არ იყო. ჩვეულებრივი საწვრთნელი გაფრენა უნდა შეესრულებინათ. თვითვმფრინავებს, რომელთაგანაც თითოეულს 1000 მილის (5,5 საათის) სამყოფი საწვავი ჰქონდა, 160 მილი აღმოსავლეთით უნდა ეფრინათ, ჩრდილოეთით შემოტრიალებულიყვნენ, გეზი სამხრეთ – დასავლეთით აეღოთ და კვლავ ბაზაზე დაბრუნებულიყვნენ. ფრენისას ”ჩიქენ შოულიდ” (”წიწილის მარჩხობი”) წოდებული სანაპირო ზოლში ყუმბარათა დამიზნებაში უნდა ევარჯიშათ…
არაჩვეულებრივი საფრენი ამინდი გამოვიდა. შუადღის ორი საათისთვის ხუთი სამადგილიანი ყუმბარმშენი ტორპედოსანი ”ევენჯერი” (”შურისმაძიებლები”) თოთხმეტ მფრინავთან ერთად საფრენ ბილიკს მოწყდა და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო. მეთხუთმეტე პილოტმა, რომელსაც ავი წინათგრძნობა ჰქონდა, ხმელეთზე დარჩენა მოახერხა…
გაფრინდნენ და უკან აღარ დაბრუნდნენ… ისინი აღარავის უნახავს. რა შეემთხვათ, ღმერთმა უწყის. საუბრობდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, მარსელებზე… ერთი სიტყვით, გამოთქმულ ჰიპოთეზათაგან, უმეტესობა თითიდან გამოწოვილ ფანტასტიკას ჰგავდა. რაიმეს მტკიცება შეუძლებელი იყო – ვეღარც გამქრალი თვითმფრინავები აღმოაჩინეს, ვეღარც გვამები…

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

… ”ევენჯერებმა” დავალება შეასრულეს და დაახლოებით, 15 საათსა და 30 წუთზე კურსი უკან, სამხრეთ – დასავლეთისკენ, აიღეს.
აფრენიდან ერთ საათში ფორტ-ლოდერდეილის საგუშაგო კოშკურაზე შეტყობინება გაისმა:
ტეილორი: ვიძახებ საგუშაგოს! განგაშია! მგონი,გზა აგვებნა! ხმელეთს ვერ ვხედავთ! ვიმეორებ, ხმელეთს ვერ ვხედავთ, გარშემო მხოლოდ წყალია!
საგუშაგო: სად იმყოფებით! კოორდინანტები დააზუსტეთ!
ტეილორი: არ ვიცით, ზუსტი ადგილმდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია!
საგუშაგო: კურსი დასავლეთით გეჭიროთ!
ტეილორი: დასავლეთი საითაა? აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა… წარმოუდგენელია… მიმართულებას ვერ ვარკვევთ, ოკეანეც უცნაურად გამოიყურება…
კარგად გაწრთვნილ მფრინავთა შორის ტეილორი ყველაზე გამოცდილად ითვლებოდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, ადგილმდებარეობისა და კურსის გარკვევა გასჭირვებოდა. თხუთმეტ წუთში, მიუხედავად სერიოზული შეფერხებისა, ავიაბაზის ინსტრუქტორმა გადამცემში პილოტთა გადალაპარაკება გაარჩია. ერთ-ერთი კომპასის მონაცემებს ითხოვდა.
– არ ვიცი, სად ვართ. ეტყობა, დავიკარგეთ უკანასკნელი ვირაჟის შემდეგ! – პასუხობდა მეორე.
დონ პული, ავიაბაზის დისპეჩერი, ლეიტენანტ ტეილორს ხელმეორედ ძლივს დაუკავშირდა.
– დარწმუნებული ვარ, მარჩხობთან ვიმყოფებით, ოღონდ ვერ ვცნობ, რომელთან!
ფლორიდის მარჩხობი, რომლის შესახებაც ლეიტენანტი საუბრობდა, სამხრეთით ასეულობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ფრენის მარშრუტიდან იმდენად შორს, რომ ინფორმაცია ძნელი დასაჯერებელი იყო. თუკი დასავლეთით იფრენენ, ”სახლისკენ”, მალე მექსიკის ყურესთან აღმოჩნდებიან… ფორტის ინსტრუქტორი კვლავ დაუკავშირდა მფრინავს და გეზის აღება ჩრდილოეთისკენ ბრძანა.

– ეს-ესაა პატარა კუნძულს გადავუფრინეთ, – იტყობინებოდა ტეილორი, – ახლა ხმელეთი ისევ თვალს მოეფარა.
კავშირი დიდი ნით გაწყდა. ბოლოს და ბოლოს, დიდი შეფერხებით, საუბრის ფრაგმენტების გარჩევა კვლავ მოხერხდა.
– ღმერთმა უწყის, სად ვართ, – ამბობდა ოფიცერი სტივერიც, – ვფიქრობთ, ბაზიდან 225 კილომეტრში სამხრეთ – აღმოსავლეთით, როგორც ჩანს, ფლორიდას გავცდით. მექსიკის ყურეს ჰგავს… კის…

მოგვიანებით ბაზაზე ყური მოჰკრეს, რომ მფრინავები 180 გრადუსით ტრიალდებოდნენ. იქნებ, ფლორიდის სანაპიროსთვის მიეღწიათ! რატომ არ შეეძლოთ კარგ ამინდში მზის ორიენტირად გამოყენება?! – ბაზაზე ამას ვერავინ მიხვდა.
– ჩვენს ქვემოთ თეთრი ნისლია… დავიკარგეთ… – ეს უკანასკნელი სიტყვები იყო, რომლის გარჩევაც ავიაბაზამ ძლივსძლიობით მოახერხა.

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

…პირველი და უდავო დასკვნა, რომელიც მეცხრამეტე რგოლის რადიოგადალაპარაკებების ჩანაწერების შესწავლისას სამხედრო ექსპერტებმა გამოიტანეს, იყო ის, რომ პილოტები ჰაერში რაღაცას უცნაურსა და ამოუცნობს შეხვდნენ. აუხსნელი დეზორიენტაცია და პანიკა, როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია… ოკეანე უცნაურად გამოიყურება, ”თეთრი წყალი” გამოჩნდა, აპარატურის ისრები აცეკვდნენ… არადა, საკმარისი იყო დასავლეთით შემოტრიალებულიყვნენ და ნახევარკუნძულს გვერდს უბრალოდ ვერ აუვლიდნენ.
საქმეც ეს იყო. პილოტები, რეკომენდაციების მიხედვით, დედამიწას საათნახევრის მანძილზე დასავლეთით ეძებდნენ, შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მონაცვლეობით – ხან დასავლეთით, ხანაც აღმოსავლეთით. ერთბაშად მთელი შტატი მოეფარა მზერას. სანუკვარი მიწა, ფრენის ბოლოს, მაინც გამოჩნდა. თუმცა წყალმარჩხ ზედაპირზე თვითმფრინავის დასმას ვერავინ გაბედავდა. კუნძულთა მოხაზულობის მიხედვით, ვიზუალურად მფრინავებმა მხოლოდ იმის განსაზღვრა მოახერხეს, რომ ფლორიდა-კისის (ფლორიდის სამხრეთ დაბოლოების სამხრეთ დასავლეთით) მარჩხობის თავზე იმყოფებოდნენ და დასაწყისში, კიდეც მოტრიალდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით ფლორიდისკენ. თუმცა ტეილორი მალე დაეჭვდა და უწინდელ კურსს დაუბრუნდა.
სად უნდა ყოფილიყვნენ სინამდვილეში? დედამიწაზე შეტყობინება კისის შესახებ პანიკაში ჩავარდნილ მფრინავთა ბოდვად ჩათვალეს. შესაძლოა, პელენგატორები ცდებოდა, ეს ფაქტორი, ცხადია, გასათვალისწინებელი იყო. თუმცა ფრენის მომენტისთვის, ოპერატორებმა ისიც ზუსტად იცოდნენ, რომ თვითმფრინავები სადღაც ატლანტის ოკეანის მიდამოებში (ჩრდილოეთ განედის 30, დასავლეთის 79) იმყოფებოდნენ, ბაჰამის კუნძულებიდან ჩრდილოეთით. აბა, ვის მოუვიდოდა აზრად, რომ გზააბნეულმა გამანადგურებლებმა ამასობაში შორს დასავლეთით, მექსიკის ყურეში გადაინაცვლეს?! ტეილორს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო ფლორიდა-კისის კუნძულის დანახვა.

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

იქნებ, მაიამელმა ოპერატორებმა ვერ შეძლეს სიგნალთა მიმართულების გარჩევა?! როგორც არ უნდა იყოს, მფრინავებს შეცდომა სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ვინ იცის, დასავლეთში ხმელეთის ამაო ძებნის შემდეგ, საწვავი გაუთავდათ, წყლის ზედაპირზე დასხდნენ და ჩაიძირნენ, მათ კი აღმოსავლეთით ეძებდნენ… 1987 წელს მექსიკის ყურის ფსკერზე იპოვეს კიდევაც ორმოციანი წლების ”ევენჯერი”. გამორიცხული არ არის, დანარჩენი ოთხიც ახლო-მახლო ყოფილიყო. მაინც, როგორ მოხდა, რომ თვითმფრინავები ყველასათვის შეუმჩნევლად, შვიდასი კილომეტრით დასავლეთით გადაადგილდა?
…თვითმფრინავთა მეყსეული ან ზესწრაფი გადაადგილების შემთხვევები ავიაციის ისტორიკოსებისთვის უცნობი არ არის. დროში მეყსეულ გადაადგილებას, როგორც წესი, განსაკუთრებული გარემოებები სდევს თან – თეთრი ნისლი, უცნაური კვამლი, მანათობელი წყვდიადი… ამგვარი უცნაურობა ბერმუდის სამკუთხედისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთხელ ლოკატორთა ეკრანიდან მაიამისთან მოახლოებული ავიალაინერი თითქმის აორთლდა და როდესაც 10 წუთის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, ბორტზე არსებული ყველა საათი სწორედ ათი წუთით ჩამორჩებოდა. ფრენისას რაიმე უჩვეულო მგზავრთაგან ერთსაც კი არ უგვრძნია. გამორიცხული არ არის, რომ დროსთან დაკავშირებული ”იონების” გამო თვალისთვის შეუმჩნევლად სისწრაფეც მატულობდეს. თუმცა პილოტმა არ შეიძლება არ შენიშნოს აპარატურაზე ათამაშებული ისრები და დაბრკოლებები რადიოკავშირში.
ამგვარი ანომალიური ადგილები, რომლებიც დროში პარანორმალურ ცვლილებებს იწვევს, იმიტომაც ჩნდება, რომ ფიზიკიური დროის მდინარებაზე გავლენას გარშემო მოძრავი სხეულებიც ახდენს. ცდების მიხედვით, მცირე მასშტაბებით ამ ეფექტის მიღწევა პაწაწუნა მქნევარებითაც კი შეიძლება. მაშ, რაღა უნდა ითქვას ბერმუდის რაიონზე, სადაც გოფსტრიმის მძლავრი დინება დიამეტრით ასკილომეტრიან წყლის ქოჩორს ატრიალებს?! უთავბოლოდ იგრიხება წყლის ვეებერთელა ბორბალი – იცვლება დრო – უნდა იცვლებოდეს გრავიტაციაც. წყალბორბალას ცენტრში, იქ სადაც ამერიკულმა თანამგზავრებმა 25-30 მეტრით დაბალი წყლის დონე დააფიქსირეს, გრავიტაცია უნდა მატულობდენს, პერიფერიაზე – კლებულობდეს. ცხადია, ამგვარ ადგილებში რადიოკავშირი დარღვეულია. იქნებ აქ არის საძიებელი უამრავ კატასტროფათა მიზეზი?!..
ცხადია, ბერმუდის სამკუთხედის შესახებ პირველივე ცნობების გამოჩენისთანავე, პრესაში ამ ფაქტების ამსახველი არაერთი შემზარავი მასალა გამოჩნდა. თუმცა არავინ იცის, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.

…ამერიკული წყალქვეშა ნავი “სამკუთხედის” მიდამოებში 200 ფუტის ( 70 მეტრი) სიღრმეზე მიცურავდა. უეცრად მეზღვაურებმა ბორტს მიღმა უცნაური ხმაური გაიგონეს, ვიბრაციაც მაშინვე იგრძნეს. ეს დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ამის კვალად ისიც შენიშნეს, რომ ეკიპაჟის წევრები თითქოს ნაადრევად დაბერდნენ. ზედაპირზე ამოყვინთვის შემდეგ, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, გამოაშკარავდა. რომ სუბმარინა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან 300 მილის დაშორებით ინდოეთის ოკეანეში იმყოფებოდა, ბერმუდიდან 10 000 კილომეტის სიშორეზე. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ამერიკულმა ყოველკვირეულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. აშშ -ს სამხედრო საზღვაო ფლოტმა, როგორც ყოველთვის ცნობა არც უარყო, არც დაადასტურა.
გამქრალი “ევენჯერების” თაობაზე გარკვეული დასკვნები მაინც გამოიტანეს. ვარაუდობენ, რომ ბერმუდის სამკუთხედის თავზე თვითფრინავთა რგოლი “არასტაციონალურ მომთაბარე” ანომალიურ ზონას შეეჯახა, სადაც თვითმფრინავებს აპარატურამ უმტყუვნა. შემდეგ “უცნაურ ნისლში” გახვეული ყუმბარმშენები საოცარი სისწრაფით მექსიკის ყურეში გადაადგილდნენ… აფრენიდან საათნახევარში გამანადგურებლები უცნაურ ბურუსში მოხვდნენ. ყველა მოწყობილობა, მათ შორის, საათიც გაჩერდა. 16 საათსა და 45 წუთზე თვითმფრინავებმა ღრუბლიანობას თავი დააღწიეს და ორიენტაცია აღიდგინეს. აეროდრომის სახმელეთო საათის მიხედვით, ამასობაში 2,5 საათი გავიდა. კიდევ 3 საათის სამყოფი საწვავი რჩებოდა. რამდენი დრო უნდა გასულიყო თვითმფრინავის საათის მიხედვით, რომელმაც დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა, რთული სათქმელია. ამ კითხვას, ალბათ, ვერც პილოტები უპასუხებდნენ. ექსტრემალურ სიტუაციებში დროის აღქმა მკვეთრად იცვლება. ერთადერთი, რაც ანომალიურ ზონაში ნორმალურად მუშაობდა, თვითმფრინავთა ძრავები იყო. “როგორც კი რომელიმეს ჩვენგანს საწვავის 10 გალონი ( 38 ლიტრი ) დარჩება, წყლის ზედაპირზე დაშვებას დავიწყებთ!” – ეს ტეილორმა 17 საათსა და 22 წუთზე განაცხადა. ეტყობა, საწვავი უკვე ილეოდა. სავარაუდოდ, თვითმფრინავებმა დაშვება მალევე დაიწყეს. “ყოველ წამს შიეძლება დაიხრჩოს…” – ეს ფრაზა ხმელეთზე 18 საათსა და 02 წუთზე გაიგონეს. ტორპედოსნებს, როგორც ჩანს, საწვავი 17:22 – 18:02 საათს შორის დროის მონაკვეთში შემოელიათ, არადა ძრავას 19 საათსა და 40 წუთამდე დაუბრკოლებლად უნდა ემუშავა. არსებობდა საავარიო ათწუთიანი მარაგიც. საწვავის ამგვარი დანახარჯი მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ძრავებმა 2 საათით მეტი იმუშავა. სანამ ხმელეთზე ერთმა საათმა გაიარა, თეთრ ნისლში სამმა გაიქროლა. თვითმფინავთა სიჩქარე ამ დროის მანძილზე ჩვეულებრივი რჩებოდა, გარეშე დამკვირვებლისთვის კი 3 საათით სწრაფი ჩანდა. სწორედ ამ 3 საათის მანძილზე უნდა გასცდენოდნენ თვითმფრინავები ფლორიდას და თავი მექსიკის ყურეში ამოეყოთ, სადაც პილოტებმა მარჩხობი დაინახეს.

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

ტეილორს, ცხადია, არ გასჭირვებია კუნძულთა ცნობა, რომელთა თავზეც მრავალჯერ გადაუფრენია, მაგრამ თვალს არ დაუჯერა და ავიაბაზის დაჟინებული მოთხოვნით, კურსი კვლავ დასავლეთით აიღო. ფრენა ახლა უკვე “ჩვეულებრივი” დროის პირობებში მიმდინარეობდა. ერთი საათის შემდეგ, ტეილორი კვლავ უკან მიტრიალდა, დისპეჩერები ირწმუნებოდნენ – სადაცაა ფლორიდაში შემოფრინდებით! მფრინავები დაიბნენ. ფაქტობრივად, ყველანი ლეიტენანტის დაურწმუნებლობამ დაღუპა, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ფრენის მიმართულება. საწვავის დეფიციტის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იყო აუცილებელი… თვითმფრინავებმა მატერიკს ვერ მიაღწიეს და უკანასკნელად 270 გრადუსით იცვალეს გეზი…
…გაუჩინარებულ პილოტთა მეგობრებს დღემდე ვერ გაუგიათ, რატომ გასცა მეთაურმა წყლის მშფოთვარე ზედაპირზე დაჯდომის ბრძანება, ან რად დაემორჩილნენ პილოტები, თუკი ხმელეთის საძებნად მარაგში მთელი ორი საათის სამყოფი საწვავი ჰქონდათ?! დიდი ტალღებზე დაფრენა ხომ გადარჩენის შანსაც კი არ იძლეოდა?! ამგვარ თვითმკვლელობაზე წასვლას ჭკუათმყოფელი ერთადერთი მიზეზით დათანხმდებოდა – საწვავი ილეოდა! სავარაუდოდ, 19 საათისთვის ლეიტენანტის თვითმფრინავი უკვე ფსკერზე იყო. რადისტებმა სხვა ეკიპაჟთა გადალაპარაკების ფრაგმენტები გააფიქსირეს. ვიღაც ტალღების ხმაურში ტეილორს იძახებდა, პასუხი არ ისმოდა. შემდეგ ეს ხმებიც მიყუჩდა… ხმელეთზე მათი დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ… გავიდა კიდევ ერთი საათი. აეროდრომის მომსახურე პერსონალის გაანგარიშებით, მფრინავებს საწვავის რეზერვი მხოლოდ ახლა უნდა ამოწუროდათ. ყველანი სასწაულს ელოდებოდნენ… ბოლოს და ბოლოს 20 საათი შესრულდა. აშკარა გახდა, მოლოდინი ამაოა… საფრენ ბილიკზე შუქი ერთხანს კიდევ კიაფობდა… ისარი 21 საათს გადასცდა და სადისპეჩეროში ჩამრაზი ვიღაცამ გადაატრიალა… მფრინავები ამ დროისთვის ჯერ კიდევ ცოცხლები იქნებოდნენ. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავები წყლის ფსკერისკენ წავიდნენ, ისინი წყლის ზედაპირზე გასაბერ ჟილეტებში, ალბათ, ჯერ კიდევ ტივტივებდნენ. როგორც ჩანს, ღამის შტორმმა თავისი გააკეთა. ღვთის ანაბარა დაყრილები ყინულივით ცივ ტალღებს მხოლოდ შუაღამემდე თუ გაუმკლავდებოდნენ…
…6 დეკემბერს, შუაღამეს, ფორტ-ლოდერდეილიდან 2 500 კილომეტრის მოშორებით მაუნთ-ვერნონში ( ნიუ-იორკის შტატი), თითქოს ელდანაკრავებს, ჯოან პაუერსსა და მის წლინახევრის ქალიშვილს ერთდროულად გამოეღვიძათ. ჯოანი კოშმარული სიზმრის არსს მაშინვე მიხვდა… ორიოდე საათის განმავლობაში ავიაბაზის სატელეფონო ნომერს არკვევდა. დაკავშირება გაჭირდა. ღამის ორ საათზე ფორტ-ლოდერდეილში ტელეფონმა გაიწკარუნა. მორიგე ოფიცერს ენა დაება: თქვენს მეუღლეს ვერ დავუძახებთ, ფრენას ასრულებს, ოღონდაც, ნუ ინერვიულებთ!.. დაღუპულთა ოჯახებმა სიმართლე მხოლოდ დილის რადიოსიახლეების ექსკლუზიური გამოშვებიდან შეიტყვეს…
იქნებ სწორედ ამ ანომალიურ ზონას ვერ აუარა გვერდი ორძრავიანმა ჰიდროთვითმფრინავმაც “მარინ მარინერმა”, რომელიც “ევენჯერთა” მოსაძებნად ააფრინეს?! ისიც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. “1 800 მეტრის სიმაღლეზე ვართ, ძლიერი ქარია!” – ასე ჟღერდა უკანასკნელი შეტყობინება,რომელიც რადისტმა მიიღო… იქნებ “მარინ მარინერის” გაქრობის მიზეზი უფრო პროზაული იყო? ფრენის რაიონში ხომ ვიღაცამ ზეცაში გაელვებას მოჰკრა თვალი?! აფეთქება?… საერთო ჯამში იმ საღამოს ბერმუდის სამკუთხედის მსხვერპლთა რიცხვმა 27 შეადგინა…

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

… “ვერსია მექსიკის ყურის შესახებ საინტერესოა, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ხნის წინ დაღუპული თვითმფრინავები ატლანტის ოკეანეში იპოვეს, ფორტ-ლოდერდეილის ბაზიდან სულ რაღაც 10 მილის მოშორებით. დაღუპულთა ნათესავები ამბობენ, რომ ჯობდა, არც არასოდეს აღმოეჩინათ! როგორია, იცოდე, რომ სულ რაღაც წუთებში სახლში იქნებოდნენ! ასე რომ, თემა დახურულია! ჯერ ოთხი თვითმფრინავი აღმოაჩინეს ერთად, შემდეგ მეხუთეც – “N28″. ეს ტეილორის ნომერი იყო. ისინი სწორედ ასე მიფრინავდნენ – წინ ტეილორი, მის უკან კი დანარჩენები!…” – განაცხადა ჰონ პულმა, ოთხმოცს გადაშორებულმა გადამდგარმა პოდპოლკოვნიკმა, ფორტ-ლოდერდეილის ავიაბაზის ყოფილმა დისპეჩერმა.
ამ ინფორმაციამ ახალი შეკითვები გააჩინა.
…სამძებრო ხომალდი “დიპ სი”, რომელიც კომპანია “საინთიფიქ სოაჩ პროჯექთს” ეკუთვნოდა, 1991 წელს ფორტ-ლოდერდეილის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩაძირულ ესპანურ გალეონს ეძებდა. ხომალდზე ბერმუდის სამკუთხედის ამბებს ანეგდოტად ყვებოდნენ. “ჩვენს ქვემოთ ტორპედოსნებია!” – დაიყვირა უეცრად ვიღაცამ. ყველას მორიგი ხუმრობა ეგონა. 250 მეტრის სიღრმეზე ოთხი “ევენჯერი” მწკრივად ჩალაგებულიყო. “N28” ერთი მილის მოშორებით აღმოჩნდა, ამ დროის მანძილზე ატლანტის ოკეანეში 139 “ევენჯერის” ტიპის თვითმფრინავი ჩავარდნილა, თუმცა ხუთი მათგანი მხოლოდ ერთხელ – 1945 წლის დეკემბერში დაიკარგა. სკეპტიკოსებმა ყველაფერი გადაამოწმეს. დეტალურმა ფოტოგადაღებამ ისიც გამოავლინა, რომ თვითმფრინავებს, რომლებიც წყლის ზედაპირზე დაჯდომას ცდილობდა, პროპელერთა ფრთები გაღუნოდა. კაბინებში გვამები ვერ ნახეს. ეჭვი აღარავის გასჩენია, მით უმეტეს, რომ ბორტებზე წარწერაც იყო “FT”, ფორტ-ლოდერდეილის საბაზო ნიშანი. მფრინავთა ნათესავები ითხოვდნენ, თვითმფრინავებისთვის თავი დაენებებინათ. ოფიცერმა ჰოუკმა, ვინც “ევენჯერები” პირველმა შენიშნა, ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა: “წყალქვეშა ტრანსპორტით უფრო ახლოს უნდა მივცუროთ, რათა ნომრები ამოვიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არიან! ჩვენ უდიდესი საიდუმლო ამოვხსენით, მაგრამ თუკი გაირკვევა, რომ ეს მეცხრამეტე რგოლი არ არის, უფრო დიდი გამოცანის წინაშე აღმოვჩნდებით. ხუთი თვითმფრინავი ოკეანის ფსკერზე ასე უბრალოდ ვერ აღმოჩნდებოდა!…”

ბერმუდის სამკუთხედი - გაფრენა არსაით !

…ერთ თვეში, 1995 წლის ზაფხულში, ჟურნალისტებმა შემდეგი შეტყობინება მიიღეს: “თქვენი მოთხოვნით ახალი მასალა მოვიდა. გრძელი წერილია, “დიპ სის” მარცხის შესახებ. იმაზე, თუ რა სირთულეები იყო წყალქვეშა გამოძიებისას, რამდენ ხანს უახლოვდებოდნენ თვითმფრინავებს ნომრების ამოსაცნობად და როგორ გაწბილდნენ. ორი ნომერი აშკარად იკითხებოდა : FT-241, FT-87, ორიც ნაწილობრივ 120 და 28. ერთის გარდა, ისიც მთავრული ასოების გარეშე, დაკარგულთა ნომრებს არ ემთხვევა. ერთი სიტყვით, ტორპედოსნები იდენტიფიცირებული არ არის, ეს ნომრები დაკარგულებში არ ირიცხება!…”ბერმუდის სამკუთხედი – გაფრენა არსაით !

One response to this post.

  1. wow daujerebelia amis axsnas msoflio albat verasodes shesdzlebs

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: