Archive for იანვარი 29th, 2010

ჩემი თითები

The image “https://i0.wp.com/www.technovelgy.com/graphics/content05/bush-robot-fingers.jpg” cannot be displayed, because it contains errors.

იმხელა ალიაქოთი ატეხეს, რომ უეცრად გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე, საოცრება ვიხილე: საჩვენებელი თითი შეხვეული იყო, არათითს სისხლი სდიოდა, ცერი რისხვისაგან და მძვინვარებისგან ძაგძაგებდა, შუათითს თავშეკავებულად ეჭირა თავი, აი, ნეკს კი ცნობისწადილი კლავდა:

– რა ხდება, რაშია საქმე? – მოუთმენლად კითხულობდა ის.

– ეს არათითმა მიქნა, – ზლუქუნებდა საჩვენებელი თითი, – შეხედე, შეხვეულიც მაქვს…

– მოეშვი ერთი, რა შუაშია არათითი? – დაუტატანა ცერმა, – ან დაყენდი, ან სასიკეთოდ ჩაერიე. ვერ ხედავ, სისხლი სდის.

– გეყო უმცროსის დაბრიყვება, სქელო ბებერო, – გააწყვეტინა სიტყვა გაცეცხლებულმა საჩვენებელმა თითმა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. თავი ვერ შევიკავე:

– რა ხდება, რას მიმალავთ? – დავიყვირე მოთმინებადაკარგულმა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს შუათითმა ამოიღო ხმა:

– ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი უთანხმოებაა. შეგიძლია ძილი გააგრძელო, – ამოღერღა მან.

– როგორ დავიძინო, როცა ჩემი თითები ასეთ დღეშია? – ვუპასუხე მას.

ლაპარაკში ნეკი ჩაერია:

– ჰო, ნამდვილად უნდა დაიძინო. განა არ იცი, რომ ქალები ცუდად იტანენ უძილობას?

– თვალსაც ვერ მოვხუჭავ, სანამ არ გავიგებ, რა იმალება ყველაფერი ამის უკან.

უეცრად საჩვენებელმა თითმა წამოყო თავი და განაცხადა:

– მე მოგიყვები, რაც იმალება ყველაფერი ამის უკან.

შუათითმა არ დაახანა და ჩაარტყა საჩვენებელს, სცადა, გაეჩუმებინა, რითაც მაიძულა, დამეყვირა:

– აცალე ლაპარაკი!

საჩვენებელმა თავი ჩაქინდრა. ამიტომ აღშფოთებულმა დავტუქსე:

– რამ გადაგიკეტა ტვინი?.. პასუხი თუ არ მივიღე, იცოდეთ, ყველას დაგხოცავთ, არ მოგეშვებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

არათითმა ტირილი მორთო:

– არა, ჯერ პატარა ვარ, არ მინდა სიკვდილი, ყველაფერს მოვყვები…

მაგრამ ნეკმა, რომ გაეჩუმებინა, ერთი გვარიანად უთავაზა.

იძულებული გავხდი, დანა გამომეღო და დავიყვირე:

– ყველას დაგხოცავთ, არც ერთს არ დაგინდობთ!

მაშინ ცერამ დაიწყო მოყოლა:

– რა ჩემი საქმეა, მაგრამ შენთვის აჯობებდა, საჩვენებელი თითით დაგეწყო, რადგან მან გაგიმეტა და შენი თავი ერთ ღარიბ-ღატაკ კაცს გაუყადრა. ეს თითი კარგს არაფერს დაგმართებს, რაღაც უბედურებას გადაგკიდებს. განა არ დავინახე, როგორი ზიზღით გააყოლა თვალი ერთ მდიდართაგანს, თითზე იაგუნდის ბეჭდით რომ იწონებდა თავს?

გული შემეკუმშა… მზერა მივაპყარ საჩვენებელ თითს და შევეკითხე:

– სიმართლეა, რაც გავიგონე?

– სრული ჭეშმარიტებაა, – მიპასუხა ამაყად.

– შენ რა გითხარი? – მივმართე სევდანარევი ხმით, – განა არ იცი, რომ საერთოდ ყველას სჯობიხარ?

მწარედ გაეცინა:

– ყველას ვჯობივარ? რითი, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ არ მაქვს ის, რაც მათ აქვთ?

უხეშად შევაწყვეტინე:

– მაგრამ შენ გაქვს ის, რაც მათ არ აქვთ; შენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, ხოლო რაც შეეხება მათ, ისინი მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მდიდარ ყაჩაღებთან ერთად ცხოვრობენ.

დამცინავი ღიმილით მომიჭრა:

– ნუ ცდილობ მათ გამართლებას, ვისაც ბეჭედი ამკობს, ყველა ყაჩაღი ხომ არ არის?!

რისხვამ იფეთქა ჩემში. დანა აღვმართე, რომ მომეკვეთა. ამ დროს შიშისგან დავიყვირე და გულგახეთქილს გამომეღვიძა. თითების ამოძრავება ვცადე. ყველა მათგანი უვნებელი და საღ-სალამათი იყო. თავიც კარგად ვიგრძენი მას შემდეგ, რაც სიზმარმა სურვილი გამიქრო, მქონოდა ბეჭედი, ისეთი, ჩემს მდიდარ მეზობელს რომ უკეთია.

 ჩიტები და მელიები

(დემოკრატიის პრინციპებზე)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტების სამფლობელო, სადაც ათასობით ბალტიმორული შაშვი ცხოვრობდა ბედნიერად. მათი საცხოვრებელი ტერიტორია შემოსაზღვრული იყო მაღალი რკინის ბადით. როდესაც ამ ღობეს აკეთებდნენ, ახლო-მახლოში მცხოვრებმა მელიების ხროვამ გააპროტესტა, ეს არაბუნებრივი საზღვარი. მაგრამ მაშინ ვერაფერს გახდნენ, თუმცაღა დიდად არც შეუწუხებიათ თავი, ვინაიდან სწორედ იმ პერიოდში, დაკავებულები იყვნენ მეზობლად მცხოვრები ბატებისა და იხვების ცივილიზაციისათვის ზიარების პრობლემით. როდესაც ყველა იხვი და ბატი ეზიარა ცივილიზაციას, აღარაფერი დარჩათ მელიებს შესაჭმელი და ისინი ხელმეორედ დაინტერესდნენ ჩიტების სამფლობელოთი. მათმა ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც მელიები ცხოვრობდნენ და რომ ჩიტებმა ძალა იხმარეს და გამოაძევეს ისინი. მან განაცხადა, რომ ბალტიმორული შაშვები ბალტიმორში უნდა ცხოვრობდნენ და არსად სხვაგან და დასძინა, რომ შაშვები ამ ტერიტორიებზე მსოფლიოსათვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ. სხვა ცხოველებმა გააპროტესტეს მელიების განაცხადი და გააფრთხილეს, თავი დაენებებინათ შაშვებისათვის.
ამრიგად, ერთ ღამეს მელიები შეესივნენ შაშვების ტერიტორიებს და ბადე გაარღვიეს. შაშვები გაფრენას ლამობდნენ, მაგრამ მომენტალურად დაიჭირეს მელიებმა და შეჭამეს.
მეორე დღეს, მელიების წინამძღოლი, თავად მელია, რომლისაგანაც თვით უზენაესი იღებდა ყოველდღიურ რჩევა-დარიგებებს, ავიდა ტრიბუნაზე და მიმართა სხვა მელიებს. მისი სიტყვა მარტივი და ამაღლებული იყო. „თქვენს წინაშეა“, განაცხადა მან, „მეორე ლინკოლნი. ჩვენ განვათავისუფლეთ ყველა ჩიტი მთელს დედამიწაზე!“

მორალი: შაშვების მთავრობა, მელიებისგან დანიშნული და მელიებისათვის მოღვაწე, მიწიდან უნდა განადგურდეს.

ყველა უბედურების მიზეზი კურდღლები

ყველაზე უმცროს ბავშვსაც კარგად ემახსოვრება, რომ ერთხელ კურდღლების ერთი ოჯახი ცხოვრობდა მგლების ხროვასთან შორი-ახლო. მგლებს არ მოსწონდათ კურდღლური ცხოვრების წესი (მგლებს აგიჟებდა საკუთარი, მგლური ცხოვრება, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ და რა ექნათ?!). ერთ ღამეს, მიწისძვრის შედეგად, რამოდენიმე მგელი დაიღუპა, რაც კურდღლებს დაბრალდათ – ყველასათვის ცნობილია, რომ კურდღლები უკანა თათებით მიწაზე ატყაპუნებენ, რაც უშუალოდ იწვევს მიწისძვრას. ერთ ღამეს კი ერთ მგელს დაეცა მეხი და მოკვდა – ესეც კურდღლებს დაბრალდათ – ყველამ იცის, რომ კომბოსტოჭამია კურდღლები ელვისა და ჭექა-ქუხილის უშუალო მიზეზები არიან. მგელბმა გამაფრთხილებელი ნოტა გაუგზავნეს კურდღლებს და ცივილიზირებით დაემუქრნენ, თუკი ისინი არ შეწყვეტდნენ მგელბზე თავდასხმებს. კურდღლებმა, თავის მხრივ, გადაწყვიტეს უდაბნო კუნძულზე გახიზნულიყვნენ. მაგრამ სხვა ცხოველებმა, ვინც უფრო შორს ცხოვრობდნენ, დაუწყეს კურდღლებს შერცხვენა: „აუცილებლად მშობლიურ ადგილებში უნდა იცხოვორთ და ნუ გეშინიათ. მშიშრებისა და ხიზნებისათვის დღევანდელ მსოფლიოში არ არის ადგილი. თუკი მგლები იერიშს მოიტანენ თქვენზე, ჩვენ აუცილებლად, ყოველ-მიზეზ-გარეშე მოვალთ თქვენს დასახმარებლად“. ასე დარჩნენ კურდღლები მგლების მეზობლად.
ერთ დღეს წყალდიდობამ წალეკა მგლების საცხოვრებელი, მრავალი მგელი დაიღუპა. ესეც კურდღლებს დაბრალდათ – ვინაიდან ყველამ არაჩვეულებრივად იცის, რომ გრძელ-ყურა სტაფილოს-მღრღნელი არსებები წყალდიდობის უშუალო მიზეზები არიან. მგლები თავს დაესხნენ კურდღლებს და მათივე საკეთილდღეოდ გამოამწყვდიეს ერთ ბნელ გამოქვაბულში, ცხადია, იმიტომ, რომ მეტეოროლოგიური უბედურებებისაგან დაეცვათ.
გამოხდა ხანი და კურდღლების შესახებ აღარაფერი ისმოდა, რამოდენიმე კვირის შემდეგ, სხვა ცხოველები დაინტერესდნენ კურდღლების ბედ-იღბლით. მგელბმა თავის მართლება დაიწყეს, რომ შეჭამეს კურდღლები და, ვინაიდან შეჭამეს, ეს ურთიერთობები უკვე უშუალოდ მათი შინაგანი საქმე იყო. სხვა ცხოველებისათვის არ იყო დამაჯერებელი ეს არგუმენტი და ამიტომ მოსთხოვეს მგლებს კურდღლების შეჭმის რაიმე დამაჯერებელ მიზეზის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებდნენ მგლების წინააღმდეგ გაერთიანებას. პასუხად მგლებმა ეს თქვეს: „ისინი გაქცევას აპირებდნენ. ყველამ კარგად იცის, რომ მშიშრებისა და ხიზნებისათვის დღევანდელ მსოფლიოში არ არის ადგილი“.

მორალი: კი ნუ წახვალ, თავ-ქუდ-მოგლეჯილი გაიქეცი უახლოესი დაუსახლებელი კუნძულისაკენ.

ქათამი, რომელსაც არ უნდოდა ფრენა

ქვეყნიერების შუაგულში ერთი ჭრელი დედალი ცხოვრობდა. იგი ავიაციას უპირისპირდებოდა. ახალგაზრდობაში, ერთხელ ველური ბატების გადაფრენისათვის ეყურებინა და დაენახა, რომ ორი ჩამოვარდნილიყო (მონადირის ზუსტი ნასროლის გამო) და ცხვირით მიწა ეთხარათ. ამიტომ, მთელს სოფელს მოსდო ამბავი, თითქოს ფრენა ძალიან საშიშია და თითქოს ყველა ფრინველს მოუწევს ყოველ-მიზეზ-გარეშე ნისკარტით მყარი მიწის თხრა. ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთარი ფერმის გვერდით გამავალი შარაგზის გადაკვეთა უწევდა, აუცილებლად მირბოდა, ერთი ქოშინითა და ქაქანით; ხან უმართლებდა და ადვილად გადადიოდა ხოლმე, მაგრამ ბვრჯერ კინაღამ გაიტანა მანქანამ. მარტო ერთ თვეში, (ივლისში) მისი ხუთი და და სამი ქალიშვილის ქმარი გაჭყლიტა მანქანამ.
ერთმა მოხერებულმა ტყის იხვმა ფრენის რეისები დააწესა და შარაგზის გაღმა-გამოღმა გადაჰყავდა მგზავრები. ფრენის საფასური ქათმებისა და მამლებისათვის საკენკის ხუთი მარცვალი იყო, წიწილებისათვის – ორი. მაგრამ ჭრელმა დედალმა, რომელიც იქაურ საზოგადოებაში ნამდვილ ავტორიტეტს წარმოადგენდა, მთელი კამპანია მოაწყო: კრიახით, კაკანით და ქოთქოთით დაიარა მეზობლები და აფრთხილებდა, რომ ფრენა არასოდეს არც ყოფილა და არც მომავალში იქნებოდა უსაფრთხო. იგი არწმუნებდა წიწილებს არასოდეს ეფრინათ იხვის ზურგზე. შედეგად იხვს ბიზნესი ჩაუვარდა და იძულებული შეიქნა ტყეს დაბრუნებოდა. ერთი წლის შემდეგ, ჭრელი დედალი, მისი სხვა ოთხი და, სამი სიძე, ოთხი დეიდა და ერთი ბაბუა დაიღუპნენ შარაგზის ფეხით გადაჭრისას.
მორალი: თუ არ იხმარ ღვთის ბოძებულ ფრთებს, არაფერი გიხსნის.

მგლის ტყავში გახვეული ცხვრები

არც ისე დიდი ხნის წინათ, ერთ მშვენიერ დღეს, ორი ცხვარი გამოეწყო მგლების ტყავებში და მგლების საცხოვრებელში შეერივნენ, საჯაშუშოდ. მათ ძალიან აინტერესებდათ, რას აკეთებდნენ და როგორ ცხოვრობდნენ მგლები. იმ დღეს მგლებს უქმე ჰქონდათ, ყველა ქუჩებში გამოსულიყო, ზოგი ტავერნაში სვამდა და ერთობოდა, ზოგიც იქვე, ქუჩაში ცეკვავდა. პირველმა ცხვარმა გადაუჩურჩულა მეგობარს: “მგლები ჩვენ გვგვანან, ცეკვავენ და ერთობიან, სამგლეთში ყოველი დღე უქმე ჰქონიათ”. თქვა ეს, რაღაც ჩაინიშნა ფურცლის ნაგლეჯზე (რაც, ჯაშუშმა არაფრით არ შეიძლება, რომ გააკეთოს) და სათაურად დააწერა “ოცდაოთხი საათი სამგლეთში”. მას გადაეწყვიტა, აღარ ყოფილიყო ჯაშუში, არამედ სამგლეთზე წიგნი დაეწერა და რამოდენიმე სტატია “ცხვრების ყოველდღიურ სახელძღვანელოშიც” გამოექვეყნებინა. მეორე ცხვარმა მაშინვე მოწვა, რას აპირებდა პირველი ცხვარი, ეგრევე დატყდა და დაიწყო წიგნის წერა “ათი საათი სამგლეთში”. პირველი ცხვარი მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც მეორე ვეღარ ნახა, ამიტომ სასწრაფოდ დაუკავშირდა თავის გამომცემელს და შეატყობინა, რომ დაეპატენტებინა წიგნი სათაურით “ხუთი საათი სამგლეთში”. საბოლოოდ ასეც მოხდა, პირველი ცხვრის წიგნის ავტორობა აღიარა საპატენტო ბიურომ. მეორე ცხვარმა, სამაგიეროდ, ვიღაც გამომცემელი იშოვნა, ვისაც სტატიების მთელი სერიალი მიჰყიდა სამგლეთის ცხოვრების შესახებ.
ერთი სიტყვით, ორივე ცხვარმა ერთი და იგივე რამ შეატყობინეს თავიანთ მკითხველებს: კერძოდ, რომ მგლები, ზოგადად, არაფრით განსხვავდებიან ცხვრებისაგან, ისევე დახტიან და ცეკვავენ და რომ სამგლეთში ყოველი დღე დღესასწაულია და უქმეა. საცხვრეთის მაცხოვრებლები მეტად გაახარა ამ ამბავმა და დიდი სიხარულით დაიჯერეს ამ ამბის სისწორე. ამიტომ მთლიანად მოხსნეს ღობეები და პენსიაზე გაუშვეს მეცხვარე ძაღლები. ერთ დღესაც, როდესაც მგლები თავს დაესხნენ მძინარე ცხვრებს, თავადვე წარმოიდგენთ, რა ცოდვაც დატრიალდა: იმ ღამეს ცხვრის მოკვლა ისევე ადვილი იყო, როგორც აბლაბუდაში გაბმული ბუზისა.
მორალი: სიმართლე კი არა, მთავარია დაწერო.

ბოლო ყვავილი…

ყველასათვის ცნობილია, რომ XII მსოფლიო ომმა
ცივილიზაცია თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ქალაქები, სოფლები მთლიანად აღიგავნენ პირისაგან მიწისა.
ტყეებიც განადგურდა,
ბაღებიც,
ხელოვნების ნიმუშებიც…
კაცები, ქალები და ბავშვები უფრო დაბლები გახდნენ, ვიდრე ყველაზე დაბალი ცხოველები იყვნენ.
გულაცრუებულმა და დაღონებულმა ძაღლებმა მიატოვეს მათი დაცემული პატრონები.
დედამიწის ყოფილი ბატონების ამგვარი დაცემით გულმოცემული კურდღლები თავს დაესხნენ მათ.
წიგნები, ნახატები და მუსიკა გაქრა დედამიწიდან და ადამიანები ისხდნენ ასე, გულ-ხელ-დაკრეფილნი და არაფერს აკეთებდნენ.
ასე გადიოდა წლები…
რამოდენიმე გენერალს, ვინც გადარჩა, იმათაც დაავიწყდათ ბოლო მსოფლიო ომის ამბები.
ბიჭები და გოგონები იზრდებოდნენ ერთმანეთის ყურებაში და არაფერს გრძნობდნენ, ვინაიდან სიყვარულმა დატოვა ეს ქვეყანა…

ერთ დღეს, ერთი გოგონა, რომელსაც არასოდეს ენახა ადრე ყვავილი, შემთხვევით წააწყდა ბოლო გადარჩენილ ცალს.
მან მიირბინა ადამიანებთან და უთხრა, რომ ყვავილი კვდებოდა.
ერთადერთი, ვინც გოგონას ლაპარაკს ყურადღება მიაქცია, ახალგაზრდა კაცი იყო, მხოლოდ მას დააინტერესა რაღაცამ.
გოგონამ და ახალგაზრდა კაცმა ერთად დაიწყეს ყვავილის მოვლა და მანაც იხარა.
ერთ დღეს, ყვავილთან ფუტკარი მოფრინდა, მერე ბეღურაც.
მალე იქ ორი ყვავილი აღმოცენდა, მერე ოთხი და მერე ძალიან ბევრი.
ტყეები კვლავ აღმოცენდა, აყვავდა…
გოგონა დაინტერესდა როგორ გამოიყურებოდა.
ახალაზრდა კაციც დაინტერესდა გოგონათი და აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა მასთან ყოფნა.
დედამიწაზე კვლავ დაიბადა სიყვარული.
ჯანმრთელი და ძლიერი შვილები ეყოლათ, მათ სიცილი და სირბილი ისწავლეს.
ძაღლები დაბრუნდნენ გადასახლებიდან.
ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ თუ ქვას ქვაზე დაადებდა, თავშესაფარს ააშენებდა.
ძალიან მალე ყველამ ააშენა თავშესაფარი.
ქალაქები და სოფლები კვლავ წამოიმართნენ.
ქვეყანაზე დაბრუნდა სიმღერა.
ტრუბადურები და ჟონგლიორები,
მკერავები და მეწაღეები,
მხატვრები და პოეტები,
მოქანდაკეები და ბორბლის ხელოსნები,
და ჯარისკაცები…
… და … ,
… და … ,
… და … ,
… და … ,
და ლეიტენანტები და კაპიტნები,
და გენერლები და მაიორები,
და განმათავისუფლებლები, ვინც სიტყვით გამოდიოდნენ კრებებზე და იცავდნენ ხალხის ინტერესებს.
ზოგი სად წავიდა საცხოვრებლად და ზოგიც სად.
ხანი გამოხდა და ვინც მთებში წავიდა საცხოვრებლად, მოისურვა ბარში ცხოვრება,
ხოლო ვინც ბარში ცხოვრობდა, მთებში გადასახლებას აპირებდა.
განმათავისუფლებლებმა, ღმერთის სახელითა და ხალხის ინტერესების დასაცავად, გააღვივეს უთანხმოება.

და ასე ჩაერთო ქვეყნიერება კვლავ ომში
… …. ….. ….. ….. ……… ………… … . .. ………. …. .. …. ….,
ამჯერად ყველაფერი განადგურდა …
და ყვეყანაზე არაფერი აღარ გადარჩა _____________________________________________________

მარტო ერთი კაცი
და ერთი ქალი
და ერთიც ყვავილი!

 რატომ ვერ გახდება ღმერთი დოქტორი

1) აქვს მხოლოდ ერთი მთავარი ნაშრომი

2) ნაშრომი დაწერილია ებრაულად

3) არ აქვს მითითებული წყაროები

4) ნაშრომი არ გამოქვეყნებულა რეცენზირებად ჟურნალში

5) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი საერთოდ არაა ამ ნაშრომის ავტორი

6) შესაძლოა მართალია, რომ მან სამყარო შექმნა, მაგრამ რა გააკეთა ამის მერე?

7) მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია

8) სამეცნიერო საზოგადოება დიდ სირთულეებს აწყდება, მის მიერ მიღებული შედეგების გამეორების ცდის დროს.

9) მას არასოდეს მიუმართავს ეთიკური საბჭოსთვის ცოცხალი არსებების გამოყენების ნებართვის შესახებ.

10) როდესაც ერთი ექსპერიმენტი არასწორად ჩატარდა, მან მისი მიჩქმალვა ექსპერიმენტის მონაწილეთა დახრჩობით სცადა.

11) ის იშვიათად ჩნდებოდა აუდიტორიაში. სტუდენტებს მხოლოდ ნაშრომის წაკითხვას ურჩევდა.

12) ამბობენ, რომ მასწავლებლად თავისი შვილი დანიშნა

13) თავისი პირველი 2 სტუდენტი სწავლის გამო გარიცხა

14) იმის მიუხედავად, რომ სულ 10 მოთხოვნა ჰქონდა, მისი სტუდენტების უმრავლესობა ჩაიჭრა

15) მასთან მიღება ხდება მეტად სპონტანურად და ისიც ძირითადად მთის მწვერვალზე.

16) არ გააჩნია კოლეგებთან მუშაობის გამოცდილება.

კერტის ჩონგი

ბედნიერების ფასის მცოდნე ადამიანი

ერთ უცნობ მთვრალს , ერთი უცნობი ბებერის საფლავზე ყვავილების მისატანად გავყე .მთვრალს მოხუცი ქალი ძალიან ეცოდებოდა. გზაზე ფილოსოფოსობას მოყვა, ილაპარაკა სიკვდილზე და მის მიერ მოტანილ ტანჯვასა და ნაღველზე, თქვა რომ ყველა არ ყოფნას თან დიდი სევდიანი იდუმალება მოსდევდა.
ერთ დღეს შეყვარებულს ვაცილებდი, წინ გადაგვიდგა, ძველი ნაცნობივით და მშობლიურობით გვითხრა,რომ ჩვენს ქორწილს ყველაზე ძვირფას რესტორანში გადაიხდიდა და პატარძლისათვის კი ლოს ანჟელოსიდან ლიმუზინს ჩამოიყვანდა. სანაცვლოდ კი ოცი კაპიკი გვთხოვა.საოცარია, ბედნიერების ფასის მცოდნე ადამიანები, ბედნიერებას ოც კაპიკად ყიდიან. ნეტავ ბედნიერებას და თავისუფლებას რა მანძილი აშორებს ერთმანეთისაგან?!…
იმ დღეს, შეყვარებულ გოგონასთან ერთად ოც კაპიკად ვიყიდეთ მისგან ბედნიერების ერთი ნაწილი.ერთხელ კი, მისი თავისუფლების გასანაწილებლად ძებნა დაუწყე.
ერთ პატარა პარკში შევხვდი. რომ გაიგო მწერალი ვიყავი, მითხრა ,რომ რომანი ერქვა. მე კი, ხუმრობით პირობა მივეცი ,რომ მას, რომანი უნდა მიუძღვნა. „ რომანი არ მინდა“ – მითხრა. “ ორ სტრიქონიანი ლექსი მომიძღვენი… მაგალითად:
მიდის დრო–ჟამი
ბერდება რომანი… “
იმ დღეს თქვა,რომ დედის საფლავზე მიდიოდა. დაჭმუჭნული პიჯაკი დიდი წესიერებით ჩაეცვა და ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. მალი–მალ კი გაბურძგნულ თმებს ხელით ისწორებდა.
მიხაკები ვიყიდეთ და სასაფლოზე წავედით. რომანმა უყურა,უყურა საფლავის ქვას,მაგრამ ვერ იტირა. შევატყე რომ, ძალიან იტანჯებოდა, რადგანაც ტირილი ვერ მოახერხა …
კაცის თავისუფლება ხანგრძლივი არაა… და მით უმეტეს, თუკი ამ თავისუფლებაში ბედნიერად ქცევის ნაღველი ბუდობს… რომანი ჩემს ქორწილში ვერ მოვიდა. ის დედის გვერდით დაასაფლავეს…

სიყვარული

https://i2.wp.com/msp227.photobucket.com/albums/dd269/anakareli/sad.jpg

ეს ამბავი ნამდვილად მოხდა.
ერთ დაბაში შეძლებული კაცის ოჯახში იზრდებოდა ლამაზი გოგო. ბევრი დადიოდა მასთან სამაჭანკლოდ, თუმცა დაყოლიება ვერავინ შეძლო.
იმ წელს გოგო თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. გაზაფხულის ერთ საღამოს იგი უკანა ჭიშკარში იდგა, ხელებით ატმის ხეს ეყრდნობოდა. ახლაც კარგად ახსოვს, ცისფერი კაბა ეცვა. მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ყმაწვილი მას ადრეც უნახავს, მაგრამ არასდროს დალაპარაკებია. ახლა კი ყმაწვილი მიუახლოვდა, შორიახლოს შეჩერდა და ალერსიანი ხმით უთხრა: “უი, შენც აქ არ ყოფილხარ!” გოგოს ხმა არ გაუცია. აღარც ბიჭს უთქვამს რამე. ერთხანს ასე იდგნენ. ბოლოს ორივე თავ-თავის გზას გაუყვა.
ეს იყო და ეს.
მოგვიანებით გოგო თავისივე ნათესავმა მოიტაცა და შორეულ მაზრაში ერთ კაცს ცოლად მიჰყიდა. გოგო მერეც არაერთხელ გაყიდეს.
ათას ჭირ-ვარამ გამოვლილ მოხუცებულ ქალს ჯერ ისევ ახსოვს ოდესღაც მომხდარი ამბავი. იგი ხალხს ხშირად უყვება გაზაფხულის ერთ საღამოს უკანა ჭიშკარში ატმის ხის ქვეშ მდგომი ყმაწვილის შესახებ.
თუკი მილიონობით წლის მანძილზე, დროის უკიდეგანო სივრცეში, მილიონობით ადამიანს შორის შეხვდები მას ვისაც შეხვდი, არც ერთი ნაბიჯით ადრე და არც ერთი ნაბიჯით გვიან, არამედ ზუსტად იმ დროს, იქ სათქმელი სხვა არაფერია, გარდა ერთი ალერსიანი ფრაზისა: “უი, შენც აქ არ ყოფილხარ!”

%d bloggers like this: