ჩემი თითები

The image “https://i2.wp.com/www.technovelgy.com/graphics/content05/bush-robot-fingers.jpg” cannot be displayed, because it contains errors.

იმხელა ალიაქოთი ატეხეს, რომ უეცრად გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე, საოცრება ვიხილე: საჩვენებელი თითი შეხვეული იყო, არათითს სისხლი სდიოდა, ცერი რისხვისაგან და მძვინვარებისგან ძაგძაგებდა, შუათითს თავშეკავებულად ეჭირა თავი, აი, ნეკს კი ცნობისწადილი კლავდა:

– რა ხდება, რაშია საქმე? – მოუთმენლად კითხულობდა ის.

– ეს არათითმა მიქნა, – ზლუქუნებდა საჩვენებელი თითი, – შეხედე, შეხვეულიც მაქვს…

– მოეშვი ერთი, რა შუაშია არათითი? – დაუტატანა ცერმა, – ან დაყენდი, ან სასიკეთოდ ჩაერიე. ვერ ხედავ, სისხლი სდის.

– გეყო უმცროსის დაბრიყვება, სქელო ბებერო, – გააწყვეტინა სიტყვა გაცეცხლებულმა საჩვენებელმა თითმა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. თავი ვერ შევიკავე:

– რა ხდება, რას მიმალავთ? – დავიყვირე მოთმინებადაკარგულმა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს შუათითმა ამოიღო ხმა:

– ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი უთანხმოებაა. შეგიძლია ძილი გააგრძელო, – ამოღერღა მან.

– როგორ დავიძინო, როცა ჩემი თითები ასეთ დღეშია? – ვუპასუხე მას.

ლაპარაკში ნეკი ჩაერია:

– ჰო, ნამდვილად უნდა დაიძინო. განა არ იცი, რომ ქალები ცუდად იტანენ უძილობას?

– თვალსაც ვერ მოვხუჭავ, სანამ არ გავიგებ, რა იმალება ყველაფერი ამის უკან.

უეცრად საჩვენებელმა თითმა წამოყო თავი და განაცხადა:

– მე მოგიყვები, რაც იმალება ყველაფერი ამის უკან.

შუათითმა არ დაახანა და ჩაარტყა საჩვენებელს, სცადა, გაეჩუმებინა, რითაც მაიძულა, დამეყვირა:

– აცალე ლაპარაკი!

საჩვენებელმა თავი ჩაქინდრა. ამიტომ აღშფოთებულმა დავტუქსე:

– რამ გადაგიკეტა ტვინი?.. პასუხი თუ არ მივიღე, იცოდეთ, ყველას დაგხოცავთ, არ მოგეშვებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

არათითმა ტირილი მორთო:

– არა, ჯერ პატარა ვარ, არ მინდა სიკვდილი, ყველაფერს მოვყვები…

მაგრამ ნეკმა, რომ გაეჩუმებინა, ერთი გვარიანად უთავაზა.

იძულებული გავხდი, დანა გამომეღო და დავიყვირე:

– ყველას დაგხოცავთ, არც ერთს არ დაგინდობთ!

მაშინ ცერამ დაიწყო მოყოლა:

– რა ჩემი საქმეა, მაგრამ შენთვის აჯობებდა, საჩვენებელი თითით დაგეწყო, რადგან მან გაგიმეტა და შენი თავი ერთ ღარიბ-ღატაკ კაცს გაუყადრა. ეს თითი კარგს არაფერს დაგმართებს, რაღაც უბედურებას გადაგკიდებს. განა არ დავინახე, როგორი ზიზღით გააყოლა თვალი ერთ მდიდართაგანს, თითზე იაგუნდის ბეჭდით რომ იწონებდა თავს?

გული შემეკუმშა… მზერა მივაპყარ საჩვენებელ თითს და შევეკითხე:

– სიმართლეა, რაც გავიგონე?

– სრული ჭეშმარიტებაა, – მიპასუხა ამაყად.

– შენ რა გითხარი? – მივმართე სევდანარევი ხმით, – განა არ იცი, რომ საერთოდ ყველას სჯობიხარ?

მწარედ გაეცინა:

– ყველას ვჯობივარ? რითი, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ არ მაქვს ის, რაც მათ აქვთ?

უხეშად შევაწყვეტინე:

– მაგრამ შენ გაქვს ის, რაც მათ არ აქვთ; შენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, ხოლო რაც შეეხება მათ, ისინი მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მდიდარ ყაჩაღებთან ერთად ცხოვრობენ.

დამცინავი ღიმილით მომიჭრა:

– ნუ ცდილობ მათ გამართლებას, ვისაც ბეჭედი ამკობს, ყველა ყაჩაღი ხომ არ არის?!

რისხვამ იფეთქა ჩემში. დანა აღვმართე, რომ მომეკვეთა. ამ დროს შიშისგან დავიყვირე და გულგახეთქილს გამომეღვიძა. თითების ამოძრავება ვცადე. ყველა მათგანი უვნებელი და საღ-სალამათი იყო. თავიც კარგად ვიგრძენი მას შემდეგ, რაც სიზმარმა სურვილი გამიქრო, მქონოდა ბეჭედი, ისეთი, ჩემს მდიდარ მეზობელს რომ უკეთია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: