არსებობს ისეთი რამეები, რასაც უფროსები ვერასოდეს გაიგებენ

მე მსმენია ერთი მშვენიერი, მთების ძირას გაშლილი სოფლის შესახებ, სადაც ბავშვები ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ. სოფლის წინ მაღალი ბალახითა და ველური ყვავილებით მორთული მინდორია, რომლის ახლოს მდინარე მიჩუხჩუხებს და ხეები შრიალებს. უკან მთაა, მარადიული თეთრი მწვერვალით. იგი ძალიან ლამაზია, თუმცა ხნიერი ადამიანები ამბობენ:
_ იქ, მაღლა, დათვები ბინადრობენ, რომლებიც ბავშვებს ჭამენ.
და ბავშვებიც არასოდეს ადიან მთაზე,
მაგრამ ამ დილით მდინარის პირას მოთამაშე პატარა სესილს ისე მოუნდა თოვლის გუნდა, როგორც ნამცხვარი ან შოკოლადი მოუნდებათ ხოლმე.

ჰოდა, ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, ტყეებისა და საძოვრების გავლით, გოგონა მთის გზას მიუყვება. ერთი საათის სიარულის შემდეგ, უკან, ვაკისაკენ იხედება და ამჩნევს ასანთის კოლოფისოდენა სახლებსა და ჭიანჭველისტოლა ადამიანებს.
იგი ამბობს:
_ უფრო გრძელი ხელი რომ მქონდეს, ავიღებდი და იმ სახლებს სულ აქ ამოვიტანდი. როგორ გაკვირდებოდა ხალხი, უცებ მთაზე რომ აღმოჩნდებოდა!
ამგვარად, სესილი ადის ზევით და აღწევს იმ ადგილს, საიდანაც უკვე თოვლის საფარი იწყება. იქ აღმართიც თავდება და თითქოს მთა თოვლის სიმძიმით წელში იხრებაო, ფერდობი პლატოდ იქცევა. სესილი მაშინვე თოვლის გუნდას აკეთებს, ძირს აგდებს და აგორებს. გუნდა ნელ-ნელა იზრდება და ისე მსხვილდება, რომ გოგონას აღარ შეუძლია მისი ადგილიდან დაძვრა.
სესილი ფიქრობს, ახლა როგორ მოიქცეს, მაგრამ უეცრად საიდანღაც დიდი და ნაცრისფერი დათვი გამოდის. გოგონა მისი ფეხის ხმას ვერ იგებს, რადგან დათვმა მგელივით უხმაურო სიარული იცის. სესილს ისე შეეშინდება, რომ კანკალს იწყებს. მას ხომ თავის დაცვა არ შეუძლია.
_ რატომ კანკალებ? _ ეკითხება დათვი, _ გცივა?
_ არა, _ მიუგებს გოგო ტირილით, _ არა, მშვენივრად ვიცი, რომ შემჭამ.
დათვი იცინის.
_ ჰა, ჰა, ჰა, რა სასაცილოა! წარმოგიდგენია? ერთ დღეს ჟურნალისტი მოვიდა ამ რეგიონში ხალხთან შესახვედრად. გამოიკითხა, ვის რა უყვარდა. მეც მკითხა, _ შენ, დათვო, შენ რაღა გიყვარსო? მე ვუპასუხე: ბავშვები მიყვარს ძალიან-მეთქი. ეს ისე ვთქვი, როგორც, მაგალითად, შენ გიყვარს ხეები, სახლები, პეპლები. ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ გიყვარს ხეების, სახლებისა და პეპლების ჭამა?
_ არა, რა თქმა უნდა! _ მიუგებს სესილი, _ მერე?
_ მერე, ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ ჭამაზე ფიქრობენ და უფრო ღორმუცელები არიან, ვიდრე დათვები, გაიგეს ისე, თითქოს დათვებს უყვართ ბავშვების ჭამა. მას შემდეგ ბავშვებს მთაში აღარ უშვებენ.
_ ძალიან სამწუხაროა, _ შენიშნავს სესილი, _ რადგან თოვლი, ჩემი აზრით, შესანიშნავი გასართობი რამაა.
დათვი უყურებს თოვლის გუნდას და ეკითხება:
_ ჰო, მაგრამ ამ დიდი გუნდით რის გაკეთებას აპირებ?
_ მინდოდა, ველზე ჩამეტანა, სოფლის ახლოს.
_ ეს ხომ ძნელი არ არის? _ ამბობს დათვი და ძლიერი ცხოველი მსუბუქად უბიძგებს გუნდას. ისიც მიგორავს და ყოველ გადაბრუნებაზე უფრო და უფრო მსხვილდება, ბოლოს კი სოფლის ეკლესიაზე სამჯერ დიდი ხდება.
_ ახლა კი, _ ამბობს დათვი, _ გუნდა უნდა გავაჩეროთ, თორემ შეიძლება გზაზე დაიშალოს.
გუნდას თან წამოეღო რამდენიმე ხე და ძველი ფარეხი.
_ არა უშავს, _ ამბობს მშვიდად დათვი, _ მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ცხვარი შევჭამე, ეს ფარეხი საჭირო აღარ არის.
სოფელს რომ მოადგნენ, დათვი ეუბნება სესილს:
_ აბა, პატარა გოგო, როგორც კი მოგინდება გუნდა, მაშინვე ზემოთ ამოდი.
_ არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო! _ უპასუხებს სესილი.
_ მეორეჯერ რომ ამოხვალ, ტკბილეული ამომიტანე. განსაკუთრებით თაფლი მიყვარს. ახლა კი მივდივარ, არავითარი სურვილი არა მაქვს, აქ დავხვდე შუადღის ძილისგან გამოფხიზლებულ ხალხს, _ ამბობს დათვი და გეზს იღებს თეთრი მწვერვალისაკენ.
ველზე ძალიან ცხელა და გუნდაც დნობას იწყებს. სესილი, ალბათ, ძლიერ დანაღვლიანდებოდა, რომ არ სცოდნოდა ერთი რამ: ახალი გუნდისათვის საკმარისი იყო მაღლა მთაზე ასვლა.
სასწაულიც ეს არის! დნება თოვლი და რჩება ფარეხი, _ სახლი სესილისათვის შუაგულ მდელოზე.
როდესაც სოფლის მცხოვრებნი იღვიძებენ, თოვლის უმცირესი კვალიც აღარ არის.
_ ეს უკვე მეტისმეტია! _ ამბობენ განცვიფრებულნი, _ ვინ მოიტანა აქ ფარეხი?!
_ მე, _ ამბობს სესილი, _ მე მოვიტანე ჩემს მეგობართან ერთად, _ და ჩუმდება. კინაღამ წამოსცდება თავისი მეგობარი დიდი დათვის ამბავი, მაგრამ არა, არაფერს იტყვის. მან იცის, რომ თუ თავის თავგადასავალს მოჰყვება, უმეთვალყურეოდ აღარ გაუშვებენ სათამაშოდ.
_ მაშ, _ იძახის ხალხი, _ შენ მოიტანე, პატარა სულელო? ვინ დაგეხმარა ნეტავ? თქვი რაღა, ვინ არის შენი მეგობარი?
სესილი შეჰყურებს მათ და ენანება, რომ ისინი ისე პატარებად არ დარჩნენ, როგორც ზემოდან ჩანდნენ.
საქმეში სესილის დედა ერევა:
_ ნუ უსმენთ ამ ბავშვს, _ მიმართავს ხალხს, _ თქვენც კარგად იცით, ჩემი გოგო იმიტომ იგონებს ამ ამბავს, რომ ყურადღება მიიქციოს.
სესილი თავს ხრის. მას დასცინიან, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, საიდუმლოს მაინც არ გასცემს, არაფერს იტყვის დათვზე, რათა მონადირეებმა არ მოძებნონ მისი კვალი. იგი არ მოჰყვება თავის თავგადასავალს, რადგან იცის, რომ არსებობს ისეთი რამეები, რასაც უფროსები ვერასოდეს გაიგებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: